საქართველოს მთავრობა კომპანია RMG-ისთვის ლიცენზიის გაგრძელებას მხარს უჭერს

მთავრობა კომპანია RMG-ისთვის საყდრისში სამუშაოების გაგრძელების თაობაზე ნებართვის გაგრძელებას მხარს უჭერს.

შესაბამისი პოზიცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოხატა."ბოლნისში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით არქეოლოგიურ ობიექტს. შესაბამისად, გამოდის ისე, რომ იქ არაფრის გაკეთების საშუალება არ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფოს, არც კერძო კომპანიას და არც არავის. მინდა, მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენ ერთ მხარეს გვქონდა წლების განმავლობაში აბსოლუტურად მიტოვებული არქეოლოგიური ობიექტი, სადაც აღმოჩენილ იქნა რამდენიმე არტეფაქტი, მეორე მხარეს კი იდგა 3 ათასი ოჯახი და რაიონის შენახვა. მოგეხსენებათ, რომ ეს კომპანია მთლიანად ინახავს ბოლნისს. მინდა, მთავრობის სახელით დავადასტურო, რომ ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ნებართვის ვადა და მივცეთ კომპანიას საშუალება, გააგრძელოს მუშაობა, რათა 3 ათასი ოჯახი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ბოლნისის რაიონი არ აღმოჩნდეს რთულ პირობებში. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია - ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი ეკონომიკურ გუნდთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ობიექტიდან ამოღებული არტეფაქტები დაცულ სივრცეში იქნება გადატანილი, მოგვიანებით კი ისინი იმ მუზეუმში გამოიფინება, რომელსაც ბოლნისში კომპანია გახსნის. "ჩემი ინფორმაციით, ყველა ის არტეფაქტი, რომელიც ამ არქეოლოგიურ ობიექტზეა მოპოვებული, არის ზედმიწევნით ფრთხილად შენახული, დაცულ ადგილზე გადატანილი. ასევე ჩემი ინფორმაციით, კომპანია RMG აპირებს ააშენოს ბოლნისში თანამედროვე მუზეუმი, სადაც ყველა არტეფაქტი განთავსდება. ეს იქნება ძალიან კარგი ტურისტული და კულტურული თვალსაზრისით ბოლნისის რაიონისთვის. მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ მსოფლიოში არაერთი პრეცენდენტი არსებობს იმისა, რომ ასეთი ტიპის და ათჯერ და ასჯერ მეტად რთული ობიექტების გადატანა მომხდარა. მსგავსი პრეცენდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს ჩვენც", - აღნიშნა პრემიერმა.