საქართველოში პირველად სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინჟინრო მიმართულების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა (ფაბ-ლაბი) და კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორიების გახსნას დაესწრო.

დღეს გაიხსნა კომპიუტერული გრაფიკის/ვიზუალური ეფექტებისა და მობილური აპლიკაციების ლაბორატორიები, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტების ბაზაზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ლაბორატორიები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის მიხედვით შეირჩა. კონკურსის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში სააგენტო ლაბორატორიებს უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით (3D პრინტერები, 3D სკანერები, ლაზერ-მჭრელები, ვაკუუმფორმირების მანქანა, ოკულუსი-ვირტუალური რეალობის სათვალე, google glass, smart watch, სახატავი პლანშეტები და ლაბორატორიის თემატური მიმართულებისა და სამუშაო პროცესისათვის საჭირო სხვა აღჭურვილობა) და საოპერაციო ხარჯებით.

ლაბორატორიის საშუალებით მოხდება მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ტექნოლოგიური იდეის განვითარება და მისი შემდგომი კომერციალიზაცია, რაც გულისხმობს ჯერ იდეის მუშა პროტოტიპად გარდაქმნას, ხოლო შემდეგ ინოვაციური პროდუქტისა და სტარტაპის შექმნას. ლაბორატორია ემსახურება როგორც ახალი პროტოტიპების შექმნას, ასევე ახალი კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული მოწყობილობა-დანადგარები სამრეწველო ლაბორატორიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში სრულად გადაეცა ილიას უნივერსიტეტს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რომლითაც უნდა იმუშაოს სამრეწველო და ინოვაციების ლაბორატორიამ. ის დამყარებული უნდა იყოს ღია და გახსნილ პრინციპზე და გარდა სტუდენტებისა, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, ასევე ჩვეულებრივ ადამიანებსაც ეძლევათ მათთვის საინტერესო პროტოტიპების და პროდუქტების შექმნის და გამოყენების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ქვეყნაში მსგავსი ლაბორატორიების არსებობა - 2015 წელს კიდევ 3 ახალი ლაბორატორიის გახსნა იგეგმება, რაც სტიმული იქნება ამ სფეროში დამწყები ბიზნესისთვის", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ აღნიშნული ლაბორატორიებისათვის ჯამში 1 066 910 ლარი გამოიყო, საიდანაც ინოვაციურ ლაბორატორიებზე გამოყოფილია 258 000 ლარი, საინჟინრო მიმართულებით ლაბორატორიებზე - 406 580 ლარი, ხოლო კრეატიული ლაბორატორიის შექმნაზე - 375 330 ლარი.