“2021 წლის ბოლოს ორნიშნა, დაახლოებით 13%-იანი ინფლაცია უკვე უფრო რეალობაა, ვიდრე პროგნოზი”

2021 წლის ბოლოს ორნიშნა, დაახლოებით 13%-იანი ინფლაცია უკვე უფრო რეალობაა, ვიდრე პროგნოზი, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ინფლაციის მატების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და ფასების ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა, მოლოდინების შესაბამისად, 12.8%-ს მიაღწია, რაც ძირითადად სურსათის, ტრანსპორტისა და კომუნალური გადასახადების გაძვირების შედეგია.

„ამასთან, ფასების ზრდა სხვა კატეგორიებშიც დაფიქსირდა, რადგანაც მიმდინარე მაღალი ინფლაცია საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია. სამომხმარებლო კალათის საქონლისა და მომსახურების 305 კომპონენტიდან, 268 გაძვირდა, მათ შორის 134 ორნიშნა მაჩვენებლით, 9 კომპონენტზე ფასები უცვლელი დარჩა, ხოლო კლება მხოლოდ 28 შემთხვევაში დაფიქსირდა (დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე, ფაილში „სამომხმარებლო ფასების დეტალური წლიური ინდექსები“).

მართალია 2020 წლის აგვისტოს შედარებით დაბალმა საბაზო ეფექტმა წლიური ინფლაციის ზრდაში გარკვეული როლი შეასრულა, თუმცა მიმდინარე წლის აგვისტოში, სეზონურობის გამორიცხვით, წინა თვესთან შედარებით ფასების ზრდამ ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამასთან, ყოველთვიური ინფლაცია წინა 2 თვესთან შედარებით უფრო ნაკლები იყო. ლარის ბოლოდროინდელი გამყარებისა და მეტნაკლებად სტაბილური სასაქონლო პროდუქტების ფასების ფონზე, მოსალოდნელია ყოველთვიური ინფლაციის შემდგომი შემცირება. თუმცა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა ასევე გასათვალისწინებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, 2021 წლის ბოლოს ორნიშნა, დაახლოებით 13%-იანი ინფლაცია უკვე უფრო რეალობაა, ვიდრე პროგნოზი,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი