Google-მა თალიბებს ყოფილი მთავრობის წევრების ელექტრონული ფოსტის მისამართები დაუბლოკა

Google-მა ავღანეთიდან გაქცეული მთავრობის ელექტრონული ფოსტის მისამართები დროებით დაბლოკა, რომ მთავრობის ყოფილი წევრები თალიბების მხრიდან, ელექტრონული მიმოწერის გაცნობის შედეგად, დევნის ობიექტები არ გახდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„არსებობს ციფრული ქაღალდებით დევნის საფრთხეები, რომლებიც ყოფილი ჩინოვნიკებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების მიმოწერას ასახავს,“ - წერს Reuters წყაროზე დაყრდნობით.

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების სწრაფი მოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ცალკეულ ანგარიშებში იწერებოდა, რომ ახალმა მმართველებმა შესაძლოა, გამოიყენონ ბიომეტრული და სახელფასო მონაცემთა ავღანური ბაზა თავიანთ მტრებზე სანადიროდ.

გავრცელებულ განცხადებაში Google ღიად არ ადასტურებს ავღანეთის ყოფილი ოფიციალური პირების აქაუნთების დაბლოკვას, თუმცა შენიშნავს, რომ კომპანია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და „შესაბამისი აქაუნთების დასაცავად დროებით ზომებს მიმართავს.“

ყოფილი მთავრობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა Reuters-ს განუცხადა, რომ თალიბები ექსჩინოვნიკების ელექტრონული წერილების ხელში ჩაგდებას ცდილობენ და პირადად მასაც მოთხოვეს მონაცემების ამოღება იმ სამინისტროს სერვერიდან, სადაც მუშაობდა.

„მე რომ ეს გავაკეთო, თალიბებს სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი პირების მონაცემებსა და ოფიციალურ მიმოწერაზე წვდომა ექნებათ,“ - აცხადებს უწყების ყოფილი თანამშრომელი. მისი თქმით, თალიბების მოთხოვნას არ დაემორჩილა და მას შემდეგ მიმალვაშია.

საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოსტის გამცვლელთა ჩანაწერები აჩვენებს, რომ ავღენეთის 20-მდე სამთავრობო უწყება ელექტრონული წერილებისთვის Google-ის სერვერებს იყენებდა. მათ შორის იყო ფინანსთა, მრეწველობის, უმაღლესი განათლებისა და მაღაროების სამინისტროები. ქვეყნის პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახური და ზოგიერთი ადგილობრივი მმართველობის ორგანოც Google-ის სერვერებს იყენებდა. სამთავრობო მონაცემთა ბაზა და ელექტრონული წერილები შეიცავს ინფორმაციას ყოფილ მინისტრებზე, ადმინისტრაციის წევრებზე, სამთავრობო კონტრაქტორებზე, ტომთა მოკავშირეებსა და უცხოელ პარტნიორებზე.

„ეს მართლაც აურაცხელი ინფორმაციაა, რისი ხელში ჩაგდებაც თალიბებს სურთ. თვით Google Sheet-ის დასაქმებულთა სიის მოპოვებაც სახელმწიფო პირთა რეპრესიების საფრთხეს შეიცავს,“- აცხადებს ინტერნეტ-სადაზვერვო ფირმა DomainTools-ის უსაფრთხოების მკვლევარი, ჩად ანდერსონი, რომელიც Reuters-ს იმის იდენტიფიცირებაში დაეხმარა, თუ რომელი სამინისტრო ელ-ფოსტის რომელ პლატფორმას იყენებდა. მისი თქმით, ეს ციფრული ინფრასტრუქტურა ავღანელებს აშშ-მ შეუქმნა და მის გაკონტროლებაზე თალიბების მცდელობა ყურადსაღებია.

„ამ ინფრასტრუქტურიდან ამოღებული სადაზვერვო მონაცემები თალიბების ახალბედა ხელისუფლებისთვის უფრო ღირებული იქნება, ვიდრე ძველი ვერტმფრენები,“ - აცხადებს ანდერსონი.

ფოსტის გამცვლელთა ჩანაწერები იმასაც აჩვენებს, რომ ავღანეთის რამდენიმე სამინისტრო და სააგენტო Microsoft-ის საფოსტო სერვისებითაც სარგებლობდა. მათ შორის იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო და საპრეზიდენტო განყოფილება. Reuters-ისთვის ჯერ უცნობია, მიმართავს თუ არა კომპანია Microsoft ანალოგიურ ზომებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ