სინგაპურში COVID-19-ის რეგულაციების დარღვევას რობოტი-პატრულები გამოავლენენ

სინგაპურმა საზოგადოებრივ ადგილებში პატრულირებისთვის და ცუდი სოციალური ქცევის აღსაკვეთად პატრული რობოტების გამოცდა დაიწყო. Reuters-ის შეფასებით, სინგაპურს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი-სახელმწიფოა, სათვალთვალო ინსტრუმენტების ძლიერი პორტფელი აქვს და ბოლო გამოგონებით, ამ პროტფელის კიდევ უფრო გაზრდას ცდილობს.

სულ ორი ავტონომიური რობოტი გამოსცადეს, რომლებმაც ცუდი ქცევა, მათ შორის, COVID-19-ის უსაფრთხოების ზომების დარღვევა, აკრძალულ ადგილებზე მოწევა და ველოსიპედის არასწორის პარკირება უნდა გამოავლინონ. ორი საპატრულო რობოტი, სახელად Xavier, აღჭურვილია კამერებით, რომლებსაც შეუძლიათ, გამოავლინონ ცუდი სოციალური ქცევა და რეალურ დროში სიგნალები მართვისა და კონტროლის ცენტრს გადასცენ. ისინი სინგაპურის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობენ, სადაც ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა დიდია.

სამკვირიან სატესტო რეჟიმში რობოტები როგორც სათვალთვალოდ, ისე საზოგადოების ინფორმირებისთვის იმუშავებენ, რადგან მათ ეკრანზე სოციალური ქცევის წესების შესახებ შეტყობინებები აისახება. თუმცა რობოტები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა საქმიანობაში არ ჩაერევიან.

„Xavier-ის მასიურად ჩაშვება ხელს შეუწყობს საჯარო უწყებების მუშაობას, რადგან ის ქვეითი პატრულის რაოდენობას შეამცირებს და ოპერაციების ეფექტიანობას გაზრდის," - ნათქვამია სინგაპურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აგვისტოში სინგაპურის შინაგან საქმეთა მინისტრი, კა შანმუგამი აცხადებდა, რომ ქალაქი-სახელმწიფოს მიზანია, 2030 წლისთვის 200 000-ზე მეტი საპოლიციო კამერა ჰქონდეს, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კამერების ამჟამინდელ საერთო რაოდენობაზე ორჯერ მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ