მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციაა გავრცელებული

არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში გავრცელებულია მაღალი დონის კორუფცია – კორუფციის ისეთი შემთხვევები, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. ამავე დროს, მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად აწყდება წვრილმან კორუფციას.

ასეთია საზოგადოებრივი აზრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2021 წლის 9-დან 18 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 228 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.67% პუნქტია.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ქვეყანაში გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამასთან, მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევები გავრცელებული არ არის. 25% კი თავს იკავებს პასუხისგან.

გამოკითხულთა უმრავლესობა - 51% ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. ამასთან, მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევების გავრცელებული არ არის. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.

ამასთან, გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება. ამასთან, მხოლოდ 17% ფიქრობს, რომ გამოძიება სათანადოდ ხდება. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 34% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 19% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს. ამასთან, გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი (47%) თავს იკავებს ცალსახა პასუხისგან.

„საზოგადოებრივი აზრის მსგავსი გამოკითხვები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ყოველ წელს ტარდება, რაც შედარების საშუალებას იძლევა. თუმცა, იმის გამო, რომ წლევანდელი გამოკითხვა არა პირისპირ, არამედ ტელეფონის საშუალებით ჩატარდა, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია 2021 წლის შედეგების შედარება გასული წლების შედეგებთან. მაგალითისთვის, წლევანდელი სატელეფონო გამოკითხვით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი „არ ვიცი/უარი“ პასუხის წილი ყველა დასმულ კითხვაში, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ადამიანები ერიდებიან საკუთარი აზრის პირდაპირ დაფიქსირებას ტელეფონის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტების პასუხებში არ არის მნიშვნელოვანი განსხვავებები სქესის, ასაკის და დასახლების ტიპის მიხედვით. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის მთელს მოსახლეობას მეტნაკლებად თანაბრად გააჩნია მაღალი დონის კორუფციის არსებობის შესახებ აღქმა,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.