რუსეთი ყაზახეთში მარცვლეულის ექსპორტზე კონტოროლს ამკაცრებს - მიზეზი რეექსპორტია

მაშინ, როდესაც რუსეთში მარცვლეულის, განსაკუთრებით კი ხორბლის ექსპორტზე სატარიფო გადასახადი მოქმედებს, ყაზახეთი, რომელიც ასევე მარცვლეულის მსხვილი მწარმოებელია, საექსპორტო გადასახადის დაწესებას არ განიხილავს. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს შორის მარცვლეულის ექსპორტი არ იბეგრება, შესაბამისად, რუსეთში ამბობენ, რომ ექსპორტიორებს გადასახადისგან თავის არიდების გამო ხორბალი ჯერ ყაზახეთში შეაქვთ და შემდგომ უკვე რეექსპორტზე სხვა ქვეყნებში გააქვთ. ამიტომ, მოსკოვი ყაზახეთში ხორბლის ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს.

ის რომ, ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტზე გადასახადების შემოღებას ჯერჯერობით არ აპირებს, ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა ფერმერებთან შეხვედრაზეც დაადასტურა.

„მთავრობა მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადის შემოღების საკითხს მომავალში დააყენებს, მაგრამ არსებული ვითარების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ნაადრევია," - განაცხადა ტოკაევმა.

მან მოქნილი სატარიფო პოლიტიკის აუცილებლობაზე მიუთითა და შეშფოთება გამოთქვა მზა გადამუშავებული პროდუქციის, კერძოდ, ფქვილის ექსპორტის შემცირების გამო.

„ჩვენ უზბეკეთის, თურქმენეთისა და ავღანეთის ბაზრებს, ტრადიციულად, ფქვილით ვამარაგებთ. მე მჯერა, რომ მთავრობა და განსაკუთრებით, ვაჭრობის სამინისტრო სატარიფო რეგულირების საკითხებზე უფრო არსებითად იმუშავებს,“ - აცხადებს პრეზიდენტი.

რუსული „კომერსანტი“ წერდა, რომ რაკი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მარცვლეულის მარაგები გადასახადებს არ ექვემდებარება და ყაზახეთს შეუფერხებელი ექსპორტის შესაძლებლობა აქვს, მარცვლეულზე საექსპორტო გადასახადის არარსებობა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეშფოთებას იწვევს. უწყებაში შიშობენ, რომ რუსი მწარმოებლები, ხორბალზე, ქერსა და სიმინდზე ფედერაციაში მოქმედ საექსპორტო გადასახადების არიდების მიზნით, მეზობელ ყაზახეთში 3-4 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს განახორციელებენ.

ამდენად, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყაზახეთის ბაზარზე რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე კონტროლის გამკაცრება დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს წვდომა ექნებათ ყაზახეთში შესატანი მარცვლეულისა და ზეთოვანი პროდუქციის თითოეული პარტიის სერტიფიკატებზე, აგრეთვე, მათი გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მონაცემებზე. ამ სტრუქტურებს საშუალება მიეცემათ, შეამოწმონ და გააჩერონ მარცვლეულის გადამზიდავი მანქანები, რომელთა შესახებ ბაზაში მონაცემები არ აღმოჩნდება, ხოლო ტვირთს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური შეამოწმებს," - წერს „კომერსანტი.“

რუსეთის მარცვლეულის კავშირის პრეზიდენტი, არკადი ზლოჩევსკი აცხადებს, რომ ყაზახეთში მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, მაგრამ ისინი ფრთხილად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საფუძვლების შელახვის გარეშე უნდა მოგვარდეს. მისი თქმით, ყაზახეთთან მარცვლეულით საზღვრისპირა ვაჭრობა დიდი ხანია, არსებობს და ყაზახეთის ტერიტორიაზე შეტანილი რუსული მარცვლეულის მოცულობა საკმაოდ სერიოზულია.

„უფრო მეტიც: რუსული მარცვლეული, რომელიც ყაზახეთში შედის, ყაზახურად საღდება და ამაზე, რა თქმა უნდა, არანაირი შეზღუდვა არ არის, რადგან ყაზახეთში საექსპორტო გადასახადი არ არსებობს. ყაზახური კომპანიები რუსეთისგან მარცვლეულს „ისრუტავენ" და შემდეგ მის რეექსპორტს ეწევიან,“ - აცხადებს ზლოჩევსკი.

აგვისტოში ევრაზიის მთავრობათაშორისმა საბჭომ ეკონომიკური კავშრის წევრი ქვეყნების მთავრობებს დაავალა, განიხილონ ექსპორტზე სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ღონისძიებები რიგი საქონლის მიმართ, მათ შორის ხორბალზე, ქერზე, სიმინდზე, მზესუმზირაზე, ზეთსა და ზეთოვნებზე.

„საუბარია საექსპორტო გადასახადის ან არასატარიფო ღონისძიებების, კერძოდ, კვოტირების ან ამ საქონლის ექსპორტის აკრძალვის ზომებზე,“ - ნათქვამია ევრაზიის ეკონომიკური კომისიის სავაჭრო ბლოკის განცხადებაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ