კახა კალაძე - საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ

საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ამასთანავე, ჟურნალისტების კითხვაზე, რის ხარჯზე ხდება შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა, კალაძემ განმარტა, რომ მათ შემთხვევაში ხელფასები არ გაზრდილა, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება.

„ხელფასების ზრდა არ მომხდარა, თუმცა ვაპირებთ ხელფასების გაზრდას მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურში, ამაზე ასევე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ზოგადად საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ“, - განაცხადა კალაძემ.

მან საარჩევნო კამპანიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მისი კონკურენტების საარჩევნო რგოლები, რომლებიც ტელევიზიით გადის, ცილისწამებასა და ტყუილზეა დაფუძნებული, თავად ის საქმეზე ორიენტირებულ კამპანიას აწარმოებს.

„არ მინდა კონკურენტების კამპანიაში შევიდე და მათ შეფასებებშიც, ერთადერთი საარჩევნო რგოლები, რომლებიც ტელევიზიებში გადის, არის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივზე ორიენტირებული, სიცრუე და ცილისწამება და ეს არახალია და შეგუებულები ვართ ამ ყველაფერს. ჩემს კამპანიას რაც შეეხება, ვარ ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე, ძალიან ბევრი მაქვს სასაუბრო თბილისელებთან, გაკეთებულზეც, სამომავლო გეგმებზეც და გამოწვევებზეც არ ვერიდები ვისაუბრო და არსებულ პრობლემებზე. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და 2 ოქტომბერს თბილისელები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდება ჩვენს ქალაქს და ამ ქალაქის სწორ განვითარებას,“- განაცხადა კალაძემ.