ილონ მასკი მესამე კვარტლის გამოწვევების დასაძლევად თანამშრომლების მობილიზაციას ახდენს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი თანამშრომლებს, "go super hardcore"-ისკენ მოწოდებით, მაქსიმალურ მონდომებას სთხოვს, რათა მესამე კვარტლის სამეწარმეო გამოწვევებს ღირსეულად უპასუხონ.

„მესამე კვარტალში ჩვენ პროდუქციის ღირსეული რაოდენობის მიწოდება უნდა შევძლოთ“, - წერს მასკი, თანამშრომლებისადმი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში, რასაც ის ტრადიციულად ყოველი კვარტლის ბოლოს აკეთებს. წერილის შინაარსს სააგენტო Reuters ავრცელებს.

„კვარტლის ბოლოს მიწოდების გადასალახი ტალღა ამჯერად უჩვეულოდ დიდია, რადგან ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ინდუსტრია კვარტლის დასაწყისში, ნაწილების დეფიციტის გამო დავზარალდით. ბევრი მანქანა დეფიციტური ნაწილების გარეშე გამოვუშვით, რაც მოგვიანებით აუცილებლად უნდა დავამატოთ. ეს ყველაზე დიდი გადასალახი ტალღაა Tesla-ს ისტორიაში“,- წერს ილონ მასკი.

Tesla-ს აპრილ-ივნისის პერიოდში ავტომობილების რეკორდული კვარტალური მიწოდება ჰქონდა, მაგრამ ივლისში მასკმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე მისი წარმოების ზრდას მიკროსქემების გლობალური დეფიციტის პრობლემა განსაზღვრავს, რაც მისი თქმით, „საკმაოდ სერიოზულ პრობლემად რჩება.“

Tesla-მ ახლახან აშშ-ში Model 3 ვერსიის გაყიდვები დაიწყო, რომელსაც განსხვავებული ლითიუმის რკინის ფირფიტის (LFP) ბატარეები აქვს. ეს, მასკის თქმით, ავტომობილების მიწოდებას დააჩქარებს. LFP აკუმულატორულ ბატარეებს ამჟამად კომპანიის მიერ ჩინეთში წარმოებულ Model 3-ისა და Model Y-ს ავტომობილებში იყენებენ, რომლებიც, ადგილზე გაყიდვასთან ერთად, ევროპასა და სხვა ქვეყნებშიც გადის ექსპორტზე.

Tesla-ს განცხადებით, მომხმარებლები, რომლებიც Model 3 LFP ბატარეების მოდელზე გადავლენ, ავტომობილს მიწოდების განსაზღვრულ თარიღზე, ანუ წლის ბოლოს კი არა, გაცილებით ადრე მიიღებენ.

„შეზღუდული მიწოდებისა და მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნის გამო, ჩვენ წარმოგიდგენთ Model 3 Standard Range Plus ბატარეის პაკეტს, რომელიც ევროპაში, აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე გამოვუშვით”, - ნათქვამია კომპანიის მიერ ზოგიერთ მომხმარებლისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ