ევროკავშირმა „მწვანე ქვეყნების“ სიიდან მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი ამოიღო

ევროკავშირმა რამდენიმე ქვეყანა იმ სახელმწიფოთა ე.წ. მწვანე სიიდან ამოიღო, რომლის მოქალაქეებსაც ბლოკის ქვეყნებში მოგზაურობა კორონავირუსის შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„ევროკავშირში მოგზაურობის დროებითი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის რეკომენდაციის შესაბამისად, საბჭომ განაახლა ქვეყნების, სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონების, სხვა ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სია, რომლებისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვები უნდა მოიხსნას. კერძოდ, სიას დაემატა ურუგვაი, ხოლო ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბრუნეი, იაპონია და სერბეთი სიიდან იქნა ამოღებული“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება წევრ სახელმწიფოს არ უზღუდავს უფლებას, რომ სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის შეზღუდვები გააუქმონ.

ამჟამად მესამე ქვეყნების სია, საიდანაც ევროკავშირში მოგზაურობა ნებადართულია, 13 ქვეყნისგან შედგება. ესენია:

  • ავსტრალია
  • ბოსნია და ჰერცოგოვინა
  • კანადა
  • ჩინეთი
  • იორდანია
  • ახალი ზელანდია
  • ყატარი
  • მოლდოვას რესპუბლიკა
  • საუდის არაბეთი
  • სინგაპური
  • სამხრეთ კორეა
  • უკრაინა
  • ურუგვაი

მესამე ქვეყნების სია, რომელთანაც მოგზაურობის შეზღუდვები იხსნება, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და COVID-19-ზე რეაგირების კრიტერიუმებით განისაზღვრება. ევროკავშირის ფორმულით, 100 000 მოსახლეზე 14 დღეში 100-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა უნდა ფიქსირდებოდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ