ჩინეთის ხელისუფლება პლასტიკური ქირურგიის შევიწროებას იწყებს -  ბაზარი მომავალ წელს 46,54 მლრდ დოლარამდე გაიზრდება

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ოფიციალური გაზეთი People's Daily კოსმეტიკური მედიცინის წინააღმდეგ გამოდის და მისი რეკლამირების შეზღუდვას მოითხოვს. Reuters-ს გაზეთის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება მოჰყავს, რომელშიც წერია, რომ „აუცილებელი და საჩქაროა, ქვეყანაში კოსმეტიკური ქირურგიის, პროცედურებისა და მეთოდების ამსახველი მასშტაბური რეკლამები დარეგულირდეს“. გაზეთის ცნობით, ასეთი რეკლამები განუსაზღვრელი და ხშირად ცრუ ინფორმაციის შემცველია.

„ავტობუსის გაჩერებებსა და მეტროში გამოფენილი პოსტერებიდან დაწყებული, სოციალურ ქსელებსა თუ პლატფორმებზე პრეზენტაციებით გაგრძელებული და ფილმებში, ტელეშოუებსა თუ პირდაპირ ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსებით დამთავრებული, ყველგან სამედიცინო კოსმეტიკის ფართოდ გავრცელებულ რეკლამას ვაწყდებით“, - წერს გაზეთი და გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ამ რეკლამებში კარგ გარეგნობას „მაღალ ხარისხს“, „შრომისმოყვარეობასა“ და „წარმატებას“ უკავშირებენ.

„გამოგონილია ისტორიები, თითქოს პლასტიკური ქირურგია ბედს ცვლის და ამით ესთეტიკური წარმოდგენებს ამახინჯებს“, - წერს კომუნისტური People's Daily.

Reuters-ის ცნობით, სექტორის კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინელმა მარეგულირებლებმა, ტექნოლოგიების, განათლებისა და კერძო საკუთრების დარგებზე მასშტაბური რეპრესიული ზომები გამოიყენეს, რათა საზოგადოებასა და ეკონომიკაზე, მრავალწლიანი სწრაფი ზრდის პარალელურად, კონტროლი გააძლიერონ. მარეგულირებლების გააქტიურებამ ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც ამა თუ იმ სექტორის სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ქვეშ მოქცევას სისტემატურად უფრთხიან.

აგვისტოში ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელმა ორგანომ სამედიცინო ესთეტიკის სარეკლამო პრაქტიკის მოსაწესრიგებლად სახელმძღვანელო მითითებები გამოსცა. მათში ნათქვამია, რომ ასეთი რეკლამები საზოგადოებაში ადამიანების გარეგნობის გამო შეშფოთებას იწვევენ.

Reuters-ის მონაცემებით, ბოლო წლებში ჩინეთში პლასტიკურ ქირურგიასა და სამედიცინო ესთეტიკაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ყველაზე პოპულარულ პროცედურებს შორის თვალების გაფართოება და ცხვირის აწევაა. თუმცა კომპანიები მუდმივად კრიტიკის ქვეშ არიან, რომ ისინი მომხმარებლებს რისკების შესახებ არ აფრთხილებენ. ივლისში 33 წლის ონლაინ-ინფლუენსერი ლიპოსაქციის წარუმატებელი პროცედურის შემდეგ, გართულებების შედეგად გარდაიცვალა. ეს საქმე ჩინური მედიის მიერ ფართოდ გავრცელდა.

აგვისტოში სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ ჩინეთის პლასტიკისა და ესთეტიკის ასოციაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ 2022 წელს ქვეყანაში პლასტიკური ქირურგიის ბაზარი 300 მლრდ იუანამდე (46,54 მლრდ დოლარამდე) გაიზრდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ