გერმანელი ექსპერტი რუსეთის ეკონომიკურ კრახს პროგნოზირებს

ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტი "იფო"-ს ხელმძღვანელის ჰანს-ვერნერ ზინის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკას კრახი ელოდება.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ექსპერტი აცხადებს, რომ მსგავსი სცენარი ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ფრანგულ და ავსტრიულ ბანკებზე, არამედ გერმანულ წარმოებაზეც. ზინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ამჟამინდელი სავალუტო რეზერვები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოემსახუროს სახელმწიფო ვალის გასტუმრებას ორი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ნავთობზე ფასის დაცემის შედეგად, საგარეო სავაჭრო პროფიციტზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.

ექსპერტის აზრით, საბოლოოდ, რუსეთს მოუწევს შეზღუდოს იმპორტი თუნდაც იმისთვის, რომ შეაჩეროს ახალი ვალების წარმოშობა, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე. ზინის მტკიცებით, მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში, რუსეთის საზოგადოების საშიში დესტაბილიზაციის რისკი არსებობს.