IIF - მეორე კვარტალში გლობალური ვალი 300 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა

Institute of International Finance-ის (IIF) მონაცემებით, მეორე კვარტალში გლობალური ვალი ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე, 300 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა. თუმცა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, დავალიანება, პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად შემცირდა. ამის მიზეზად IIF ეკონომიკური ზრდის აღდგენას ასახელებს. საერთაშორისო ფინანსების ინტიტუტის მონაცემებს Reuters-ი ავრცელებს.

მთლიანი ვალის დონე, რომელიც სამთავრობო, საოჯახო, კორპორატიულ და საბანკო დავალიანებებს მოიცავს, პირველი კვარტლის უმნიშვნელო კლების შემდეგ, ისევ 4,8 ტრლნ დოლარით გაიზარდა და ივნისის ბოლოსთვის 296 ტრლნ დოლარს მიაღწია. ეს პანდემიამდელ დონესთან შედარებით, 36 ტრლნ დოლარით მეტია.

„თუკი სესხების აღება ასეთი ტემპით გაგრძელდა, გლობალური ვალი 300 ტრლნ დოლარს გადააჭარბებს“, - აცხადებს IIF-ის მდგრადი განვითარების კვლევის განყოფილების დირექტორი ემრე ტიფტიკი.

დავალიანების მაჩვენებელი ყველაზე სწრაფად განვითარებად ბაზრებზე იზრდება, სადაც მთლიანი ვალი მეორე კვარტალში, წინა სამთვიან პერიოდთან შედარებით, 3,5 ტრლნ დოლარით გაიზარდა და 92 ტრლნ დოლარს მიაღწია.

მსოფლიო ვალზე პროგნოზების პოზიტიური ნიშანი მხოლოდ ის არის, რომ IIF-ის მონაცემები მშპ-სთან მიმართებით გლობალური ვალის კლებაზე მიუთითებს, რაც კრიზისის დაწყების შემდეგ პირველად მოხდა. მშპ-ს წილის სახით ვალი მეორე კვარტალში, პირველი კვარტლის რეკორდული მაჩვენებლიდან, 362%-იდან 353%-მდე შემცირდა.

IIF-ის ანგარიშში წერია, რომ შესწავლილი 61 ქვეყნიდან, 51 ქვეყნის მშპ-ს წილში ვალის დონემ მოიკლო, რაც ძირითადად ეკონომიკური აქტივობის სწრაფი აღდგენის ფონზე მოხდა. თუმცა ხშირ შემთხევაში, ეკონომიკური აღდგენის პროცესი ისე ძლიერი არ ყოფილა, რომ ვალის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონემდე დაეყვანა. IIF-ის მონაცემებით, მშპ-სთან მიმართებით მთლიანი დავალიანება პანდემიამდელ დონეზე დაბალი მხოლოდ ხუთ ქვეყანაშია. ესენია: მექსიკა, არგენტინა, დანია, ირლანდია და ლიბანი.

სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩინეთში დავალიანება სწრაფად იზრდება, ხოლო ფორმირებული ბაზრის სხვა ქვეყნების ვალმა მეორე კვარტალში ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 36 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად სამთავრობო სესხებმა განაპირობა.

რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, პირველი კვარტლის უმნიშვნელო ვარდნის შემდეგ, მეორე კვარტალში ვალი, განსაკუთრებით ევროზონაში ისევ გაიზარდა. აშშ-ში, პანდემიის დაწყების დღიდან, ვალის დაგროვება ყველაზე ნელი ტემპით მიმდინარეობდა და მან 490 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა საოჯახო სესხები რეკორდული ტემპით იზრდებოდა.

მთელ მსოფლიოში საოჯახო სესხებმა მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 1,5 ტრლნ დოლარით მოიმატა და 55 ტრლნ დოლარს მიაღწია. საოჯახო დავალიანების მკვეთრი ზრდა წლის პირველ ნახევარში IIF-ის მიერ შესწავლილი ქვეყნების მესამედში დაფიქსირდა.

„საოჯახო დავალიანების ზრდა მსხვილი ეკონომიკის თითქმის ყველა ქვეყანაში საცხოვრებელ სახლებზე ფასების ზრდას შეესაბამება“, - აცხადებს ემრე ტიფტიკი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ