149 800 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

149 800 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება. ამის შესახებ, „საზოგადოება და ბანკების“ მიერ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის თანახმად, 2021 წლის 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სწორედ 149 800 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე შენარჩუნდა. დღეის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7 982.2 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„1-ლი ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 9 700 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 7 825.4 მილიონიდან 7 982.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

149 800 ხელშეკრულებიდან 52 100 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1.027 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი აგვისტოს მდგომარეობთ 14.22% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით 62 000 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.81%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2 891 მილიონი ლარია.

31 500 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1-ლი ივლისთან შედარებით 1 100-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 3 900 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1173.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.23%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1-ლი აგვისტოს მონაცემებით 2 726.6 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13.66%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ლი აგვისტოს მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 17.33%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 101.2 მილიონი ლარია.

1-ლი აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.2%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 14.22%.

1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 21.72% -დან 25.39%-მდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა. აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნის ინფლაციაზე დამატებით დიდი წნეხია.

ეროვნული ბანკი უცვლელად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10%-იან ნიშნულს. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა. სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2021-ის დეკემბრის და 2022 წლის იანვრის ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისგან გაჩენილი საბაზო ეფექტის გამო. თუმცა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, სხვა თანაბარ პირობებში, 2022 წელს ინფლაციის დაღმავალ ტრაექტორიას უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია, რომ იზრდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც იმპორტის და ექსპორტის ზრდაში აისახება. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც წინა წელთან შედარებით, თუმცა 2019-თან შედარებით კვლავ შემცირებულია. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან,“-ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაში.

თაია არდოტელი