ამერიკული კომპანიები ყირიმს ტოვებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული კიდევ ერთმა ამერიკულმა კომპანიამ დატოვა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკულმა კომპანია Amway-მ ყირიმელ კონტრაგენტებთან თანამშრომლობა და პროდუქციის მიწოდება შეწყვიტა. როგორც კომპანია Amway-ს ყირიმელი პარტნიორებისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, აშშ-ის ხელისუფლების მიერ ყირიმისთვის დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, Amway აუქმებს ყველა შეკვეთას.

კომპანია Amway პირადი ჰიგიენის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, კოსმეტიკური საშუალებების, ასევე ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და საკვების წარმოებითა და გაყიდვებით არის დაკავებული.

2014 წლის დეკემბრის ბოლოს ყირიმში მომსახურება შეაჩერეს საერთაშორისო საგადასახადო სისტემებმა Visa და MasterCard.  19 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ყირიმის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს, რომელიც ამერიკულ კომპანიებს პირდაპირი ან ირიბი წესით ყირიმის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის მომსახურებას უკრძალავს.