ავღანეთის ბანკებში დოლარი მთავრდება - ფილიალებმა თანხის  გაცემის ყოველკვირეული ლიმიტი 200 დოლარამდე შეამცირეს

ავღანეთის ბანკებში დოლარი მთავრდება და თუ თალიბანის ხელისფულება მოკლე ვადაში სახსრებს ვერ გამონახავს, მალე შესაძლოა, ბანკებმა მომხმარებლებისთვის კარი დახურონ. ინფორმაციას ავღანურ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

„ნაღდი ფულის უკმარისობამ ქვეყნის ისედაც დასუსტებული ეკონომიკა შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს, რადგან ავღანეთის ეკონომიკა, როგორც წესი, ქაბულის ცენტრალური ბანკისთვის აშშ-დან გაგზავნილ ასობით მლნ დოლარზე ჰკიდია, რაც საბოლოოდ მოსახლეობისითვის კერძო ბანკების საშუალებით ნაწილდება“, - წერს Reuters-ი.

თალიბების მიერ ქაბულის აღებიდან ერთი თვის შემდეგ, ბანკირები შიშობენ, რომ დარჩენილი დოლარების მცირე რაოდენობა ელექტროენერგიისა და საკვები პროდუქტების მნიშვნელოვან გაძვირებას გამოიწვევს, ასევე, გაართულებს იმპორტს, რაც ავღანელთა ტანჯვას გაახანგრძლივებს. Reuters-ის ცნობით, ფულადი კრიზისი ქვეყანაში რამდენიმე კვირაა, გრძელდება, თუმცა ბოლო დღეებში ხელისუფლებისა და ცენტრალური ბანკის მიმართ ბანკები უკვე საგანგაშო სიგნალს იძლევიან. მათ მომსახურების მოცულობა შეზღუდეს და თანხის გაცემის ყოველკვირეული ლიმიტი 200 დოლარამდე შეამცირეს. ფილიალების გარეთ გრძელი რიგებია, რადგან ხალხი დოლარის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

ცენტრალური ბანკის ასეთი არასტაბილური მდგომარეობა, რომლის საგარეო რეზერვებიც თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის გამო გაიყინა, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების პროგრამებს შეაფერხებს. კომერციული ბანკები მისგან დოლარის მიწოდების გათავისუფლებას მოითხოვენ, მაგრამ პასუხს ჯერ ვერ იღებენ და შიშობენ, რომ ცენტრალური ბანკის სათაო ოფისსა და პრეზიდენტის სასახლეში სამთავრობო საცავები იმდენად ცარიელია, რომ ვერაფრით დაეხმარებიან.

„ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღიანი გადახდების ლიკვიდურობა დაგვრჩა. თუ მთავრობა სასწრაფოდ რამეს არ მოიმოქმედებს, შედეგად დემონსტრაციებსა და ძალადობას მივიღებთ“, - აცხადებს Reuters-ის კონფიდენციალური პირი ავღანეთიდან.

თუმცა, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალურ ვებგვერდზე წერს, რომ ბანკების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სრულად დაცული არიან.

„მთელ მსოფლიოში კომერციული ბანკები, როგორც წესი, თავისი კაპიტალის 10%-ს ნაღდი ფულის სახით ინახავენ, ავღანეთის ბანკებს კი, საშუალოდ, ნაღდი ფულის სახით კაპიტალის 50% აქვთ,“ - წერია ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელშიც ის ავღანელებს ადგილობრივი ვალუტის გამოყენებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ცენტრალური ბანკი ნაღდი ფულის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც, ბანკის მტკიცებით, ყოფილი სამთავრობო ჩინოვნიკებისგან ამოღებული მილიონობით დოლარისა და ოქროს ზოდების ნაწილია.

ავღანეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, აჯმალ აჰმადი, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა, ახლახან აცხადებდა, რომ თითქმის მთლიანი თანხა, 10 მლრდ დოლარის ოდენობით, საზღვრებს გარეთ არის გატანილი. დონორი ქვეყნები პირობას დებენ, რომ ავღანელი ხალხის დახმარების მიზნით 1,1 მლრდ დოლარზე მეტს გამოყოფენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ