რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის 2022-2023 წლებში დაფინანსება იზრდება

რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2022-23 წლებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისთვის - ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების ზრდა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ფინანსური დახმარება 2022 და 2023 წლებში 786.2 მილიონ რუბლს შეადგენს. დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ სახსრები გამიზნულია „შეთანხმებათა რეალიზებისკენ, რომლებიც დაიდო რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ 2015 წლის 18 მარტს“.

ოკუპირებულ აფხაზეთთან თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის საბიუჯეტო ასიგნებები 2022 წელს 410 მილიონი რუბლით გაიზრდება, 2023 წელს კი - 401,5 მილიონი რუბლით.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში დაზუსტებულია, რომ სახსრები გამოიყოფა შეთანხმებათა ფარგლებში, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის დაიდო.