კონგრესმა რუსეთის პრემიერ-მინისტრზე სანქციების დაწესების კანონპროექტი მოიწონა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 768 მლრდ დოლარის ოდენობით 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რაც რუსეთის სუვერენული ვალის, ასევე, რუსი ჩინოვნიკებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

დოკუმენტში შესულია ცვლილება, რომელიც ამერიკელ ინვესტორებს მეორად ბაზარზე ახალი რუსული ობლიგაციების ყიდვას ან გაყიდვას უკრძალავს. აკრძალვა შეეხება ნებისმიერი ვალუტისა და 14 დღის ან მეტი ვადის ობლიგაციებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდისა და რუსეთის ფედერაციის ხაზინის მიერ არის გამოშვებული.

თავდაცვის ბიუჯეტში, ასევე, შევიდა შესწორება, რომელიც რეკომენდაციას უწევს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სანქციები 35 რუსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ დააწესოს. სიაში არიან პრემიერ მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, ბიზნესმენები, რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი, ასევე, კრემლის RT არხის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიევი.

კანონპროექტს სენატის მხარდაჭერა სჭირდება, რის შემდეგაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გადეგზავნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ