გერმანელ ბიზნესმენებს მემარცხენეების მოსვლის შიშით აქტივები შვეიცარულ ბანკებში გადააქვთ

კვირას ჩანიშნულ ბუნდესტაგის არჩევნებში მემარცხენეების პოტენციურმა გამარჯვებამ ბევრი მილიონერი აიძულა, აქტივები შვეიცარიაში გადაეტანა. Reuters-ის პროგნოზით, თუ მემარცხენე ცენტრისტი სოციალ-დემოკრატები, მემარცხენე Linke-ის წევრები და „მწვანეები“ ხელისუფლებაში მოვლენ, სიმდიდრის გადასახადის შემოღებისა და სამემკვიდრო გადასახადის გაზრდის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში შესაძლოა, ხელახლა დადგეს.

„ზე-მდიდრებისთვის ეს წითელი ხაზია. მეწარმე ოჯახები განგაშის ზარს სცემენ,“ - განუცხადა Reuters-ს დიდი შვეიცარიული ოპერაციებით დაკავებულმა გერმანელმა საგადასახადო იურისტმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

სააგენტოს შეფასებით, მდიდრები თავისი ქონების განსათავსებლად შვეიცარიას მიმზიდველ ადგილად ისევ განიხილავენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მილიარდერების უსაფრთხო თავშესაფრის იმიჯის გამოსწორებას აქტიურად ცდილობს.

„არც ერთ ქვეყანას იმაზე მეტი ოფშორული აქტივი არ გააჩნია, რამდენიც აქვს შვეიცარიას, ხოლო 2020 წელს სახსრების შედინება ისეთი დიდი ბანკების სასარგებლოდ დაჩქარდა, როგორიც არის UBS, Credit Suisse და Julius Baer. გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და COVID-19 პანდემიის ეკონომიკური შედეგებით გამოწვეულმა შიშმა შვეიცარიის პოლიტიკური სტაბილურობა მიმზიდველი გახადა,“ - წერს Reuters.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გერმანული ოჯახური მეურნეობებისა და კომპანიების დეპოზიტები შვეიცარულ ბანკებში, თითქმის, 5 მლრდ დოლარით, 37.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაშიც აქციები, ობლიგაციები ან ფინანსური პროდუქტები არ შედის.

„მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ბევრ მდიდარ ადამიანს, განსაკუთრებით ბიზნესმენებს ეშინიათ, რომ გერმანიაში მემარცხენე შემობრუნება მოხდება,“ - აცხადებს LGT Switzerland Wealth Management-ის ევროპის განყოფილების თავმჯდომარე, ფლორიან დურსელენი.

Reuters-ს ერთ-ერთმა წამყვანმა შვეიცარიელმა ბანკირმა განუცხადა, რომ იცნობს რამდენიმე გერმანელ ბიზნესმენს, რომელთაც სურთ, გერმანიის ფარგლებს გარეთ მოიკიდონ ფეხი, თუკი თავიანთ ქვეყანაში ყველაფერი მეტად „წითელი“, ანუ მემარცხენე გახდა.

გუშინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 25%-ის მქონე სოციალ-დემოკრატები კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატორებს 4 პუნქტით უსწრებენ. სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სურს, სიმდიდრის გადასახადი კვლავ შემოიღოს და სამემკვიდრო გადასახადი გაზარდოს, ხოლო მათი პოტენციური კოალიციური პარტნიორები, „მწვანეები“ შემოსავლების ინტენსიურ დაბეგვრას გეგმავენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ