"მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება": საქართველოში საწვავს, 52 თეთრით მეტი ფასნამატით ყიდიან, ვიდრე გერმანიაში

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ინფორმაციით, საქართველოში საწვავს, 52 თეთრით უფრო მეტი ფასნამატით ყიდიან, ვიდრე - გერმანიაში.

"მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელი ბექა კემულარია აცხადებს, რომ კვლევა საკმაოდ დიდი მოცულობის არის. "მოდი შევადაროთ გერმანიასა და ჩვენთან არსებული სიტუაცია. იქ 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინი (ევრო 5-ის სტანდარტის) ღირს 1.3 ევრო, რაც 2.95 ლარია. 1.3 ევროდან აქციზის გადასახადი 0.67 ევროა, დღგ-0.212 ევრო. ჩვენთან საშუალოდ 2 ლარი ღირს პრემიუმი (ევრო 4-ის სტანდარტის), აქციზის გადასახადი 19 თეთრია, დღგ-30 თეთრი. ჩვენთან 1 ლიტრი პრემიუმის ფასი აქციზის და დღგ-ს გადასახადის გარეშე არის 1.51 ლარი. გერმანიაში - 99 თეთრი (0.443 ევრო)", - აცხადებს კემულარია.

მისივე თქმით, გერმანიაში საშუალო ხელფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში.

"გერმანიაში ადმინისტრაციული ხარჯი და სხვა ხარჯები ბევრად მეტია - ვიდრე საქართველოში, წესით საწვავი აქ უფრო იაფი უნდა იყოს, მაგრამ საწვავს 52 თეთრით უფრო მეტი ფასნამატით ყიდიან საქართველოში, ვიდრე გერმანიაში", - აცხადებს კემულარია. მისივე თქმით, 2012 წლის მაისში ანგელა მერკელმა "ბენზინის პოლიცია" შექმნა. "ეს არის გერმანიის ანტიმონოპოლიურ სამსახურში ცალკე დეპარტამენტი, რომელიც მხოლოდ საწვავზე მუშაობს. ამ დეპარტამენტის შექმნის მიზეზი უკმაყოფილო მომხმარებლები გახლდათ, რომლებიც ეჭვობდნენ კარტელური შეთანხმების არსებობას. 2 წელია საწვავის ბაზარს იკვლევენ და ჯერ შედეგი არ დაუდიათ", - აცხადებს კემულარია.