დეკლარირების წესის დარღვევის გამო, რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა დეკლარირების წესის დარღვევის გამო, რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ა.ი.-მ 4250,49 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ნინოწმინდა". შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საერთო წონით 101,13 გრამი არადეკლარირებული საქონელი მგზავრის ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს, სანქციის სახით 4250,49 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

მათივე ინფორმაციით, იმავე დღეს, ასევე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 182,02 გრამი, აღმოჩნდა საბაჟო პროცედურებისას საქართველოს მოქალაქე ა.მ.-ის ბარგშიც, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "თბილისის აეროპორტი". საქართველოს მოქალაქე ა.მ. შეეცადა, კანონის გვერდის ავლით, 5 ცალი საყურე, 4 ცალი ბეჭედი, 26 ცალი კულონი და 45 ცალი ჯვარი შემოეტანა. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 12143 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად პირს, სანქციის სახით, 12143 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.