"ბოლო პერიოდში, ეპიდემიოლოგიური სურათის სტაბილიზაცია აღინიშნება, თუმცა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მაინც 1500-დან 2000-მდე შუალედში რჩება"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში, ეპიდემიოლოგიური სურათის სტაბილიზაცია აღინიშნება, თუმცა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მაინც 1500-დან 2000-მდე შუალედში რჩება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკებში რჩება 4360 პირი, აქედან რეანიმაციაში - 286, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 1066.

„2000-მდე შემთხვევა იყო გასული 24 საათის განმავლობაში. ასევე საყურადღებოა გარდაცვლილთა მაჩვენებელი და იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში იტარებს. ამ დროისთვის კლინიკებში რჩება 4360 პირი, აქედან რეანიმაციაში - 286, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 1066. ამ მიმართულებითაც გარკვეული დადებითი ტენდენციები შეინიშნება, უფრო ნაკლები ადამიანის მდგომარეობა არის გართულებული“ , - განაცხადეა გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია.

„განსაკუთრებით საყურადღებოა მიმდინარე პერიოდში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებთ, ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია და დღეში 11-12 ათასი აცრა ტარდება. უპირატესად ეს არის მეორე დოზებზე აცრები, პირველ დოზებზე მოსულ პირთა რაოდენობა იკლებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, რადგან სწრაფად გავიაროთ დარჩენილი პერიოდი ამ ტალღის და ასევე თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მე-5 ტალღა“ , - განაცხადა გაბუნიამ.