LawPort – ციფრული მომსახურება, რომელიც მალე იურისტებისა და ბიზნესის ყოველდღიურობად იქცევა

მალე საქართველოში იურისტების ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა LawPort ჩაეშვება, რომელიც სიახლეა არა მხოლოდ ქართულ, არამედ რეგიონის ბაზარზე. კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული კომპანიის მთავარი მიზანია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დააკავშიროს კლიენტი და იურისტი მარტივად და სწრაფად. შეიძლება ითქვას, რომ „ლოპორტი“ ცვლის იურისტის მოძიების ტრადიციულ მეთოდს და რამდენიმე საათში უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საჭირო სპეციალიზაციის, ლოკაციისა და სამუშაო ენის მცოდნე იურისტის მოძიებას, ისე, რომ ამავე დროს ითვალისწინებს პლატფორმაზე იურისტის რეიტინგსა და კონკრეტულ დავალებასთან დაკავშირებით იურისტის მიერ გაკეთებულ საფასო შეთავაზებას.

უფრო კონკრეტულად, როდის შეიქმნა ლოპორტი, როგორია მისი მუშაობის სპეციფიკა, საფასო პოლიტიკა, კადრების კვალიფიკაცია და ა.შ. ამ და სხვა საკითხებზე, კომპანიის დირექტორებს ეკატერინე კოკიჩაიშვილსა და სანდრო სამადბეგიშვილს გავესაუბრეთ:

რა არის იურიდიული პლატფორმა „ლოპორტი“ და როგორ მუშაობს ის?

„ლოპორტი“ არის ციფრული იურიდიული პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს იურიდიული მომსახურების მაძიებელს/მომხმარებელსა და ამავე მომსახურების გამწევ პირებს. პლატფორმა უნიკალურია იმით, რომ იგი დროის უმოკლეს მონაკვეთში აძლევს საშუალებას ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, მყოფს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მოიძიოს მის საჭიროებებზე მორგებული ვიწრო სპეციალიზაციის იურისტი, რომელიც მზად არის გაუწიოს მომსახურება მისთვის საჭირო ლოკაციაზე და ენაზე. მეტიც, პლატფორმა, მასში რეგისტრირებული იურისტთა სიიდან, რომელიც ამჟამად ფორმირდება და გეგმის მიხედვით, რამდენიმე ასეულ იურისტს გააერთიანებს, შეარჩევს კონკრეტული სამართლებრივი ამოცანის გადაჭრაში გამოცდილ, ყველაზე მაღალი შეფასების მქონე და ამავე დროს, ყველაზე დაბალი ფინანსური წინადადების წარმდგენ იურისტებს და საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად გადასცემს საუკეთესო სამეულის შესახებ ინფორმაციას კლიენტს. ფაქტობრივად, პლატფორმა ელექტრონულად, სპეციალური ალგორითმის მეშვეობით და ყველანაირი სუბიექტური ფაქტორის გამორიცხვით, სპეციალურად კლიენტისთვის ჩაატარებს ტენდერს კონკრეტულ ამოცანასთან გასამკლავებლად ყველაზე შესაფერის იურისტებს შორის. მაგალითისთვის, შეძლებთ, სულ რამდენიმე საათში იპოვოთ ინგლისური ენის მცოდნე სისხლის სამართლის სპეციალისტი ბათუმში, ან რუსული ენის მცოდნე საოჯახო სამართლის სპეციალისტი ზუგდიდში და თან იყოთ მშვიდად, რომ შერჩეული იურისტი ერთდროულად კვალიფიციურია და მისი საფასო შეთავაზებაც ადეკვატურია საბაზრო ფასებთან მიმართებით. ამგვარ კომფორტს დღეს ვერც ერთი სხვა სოციალური ქსელი, ვებგვერდი თუ აპლიკაცია ვერ შემოგთავაზებთ.

მეორე მხრივ, პლატფორმა საშუალებას აძლევს გამოცდილ თუ ნაკლებად გამოცდილ პირებს, თავისუფალი დროის მქონე სხვადასხვა კომპანიისა თუ იურიდიული ფირმის იურისტებს, შვებულებაში თუ დეკრეტში მყოფ პირებს ონლაინ რეჟიმში განათავსონ თავისი პროფილი, წარადგინონ მათი ფინანსური წინადადებები განთავსებული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, მიიღონ და შეასრულონ დავალებები და ამასთან, თავისუფლად მოახდინონ როგორც თავიანთი დროის, ისე კარიერის მართვა. ამისათვის, იურისტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს ვებგვერდზე - lawport.ge, მიუთითოს მონაცემები, ატვირთოს რეზიუმე და დაელოდოს ჩვენი გუნდის მიერ მისი პროფილის დადასტურებას, რის შემდეგაც, შეძლებს მის მიერ მითითებულ სპეციალიზაციაში დავალებების მიღებას.

როდის შეიქმნა „ლოპორტი“ და როგორ გაჩნდა მისი დაფუძნების იდეა?

„ლოპორტის“ შექმნის იდეა დაახლოებით 1 წლის წინ გაჩნდა იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დი“-ის იურისტებსა და პარტნიორებს შორის და მალევე დავიწყეთ იდეის განხორციელება. პლატფორმის შექმნის საჭიროება წარმოიქმნა კლიენტების მიერ შესაბამისი სპეციალიზაციის იურისტების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, რაც კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო რეგიონების შემთხვევაში. მეორე მხრივ, იურიდიული მომსახურების ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ იურისტების რაოდენობა, რომელთაც კორპორატიული სტრუქტურის გარეშე დამოუკიდებლად მუშაობა და დროის საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად განკარგვა სურთ. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით ჩავთვალეთ, რომ ბაზარი მზად იყო ახალი ტიპის იურიდიული მომსახურებისთვის.

მოკლედ გვიამბეთ დამფუძნებლებზე, მათ სამუშაო გამოცდილებასა და პროფესიაზე.

ციფრული იურიდიული პლატფორმა „ლოპორტის“ დამფუძნებლები პროფესიით იურისტები არიან. ისინი ჯერ კიდევ პირველი იურიდიული ფირმების შექმნის სათავეებთან იდგნენ, რაც 90-იანი წლებისთვის ინოვაციას წარმოადგენდა საქართველოში. დღეს ინოვაციის ზღვარი ციფრულ მომსახურებაზე გადის და ჩვენი გუნდიც, რომლის წევრთა გამოცდილება იურიდიული მომსახურების სფეროში 8-დან 25 წლამდე ფარგლებშია, მზად არის, ქართული იურიდიული ბაზრისა და ტექნოლოგიების განვითარებას აუწყოს ფეხი და ასეულობით ქართველ იურისტთან ერთად გადავიდეთ ახალ საფეხურზე.

shida-poto1-gascorebuli-1632912625.jpg

რატომ არის „ლოპორტის“ გამოყენება მარტივი იურისტის სხვა გზებით მოძიებასთან შედარებით?

ტრადიციულად იურისტის მოძიება ხდება მისი ნაცნობებში გაკითხვით, რასაც ბოლო დროს „ლინქდინზე“ (ან სხვა სოც. ქსელებში) შესაბამისი შინაარსის პოსტებით კონკრეტული სპეციალიზაციის იურისტის მოძიების მცდელობები დაემატა. ორივე ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში არჩევანი შემოთავაზებულ იურისტებს შორის არის საკმაოდ მწირი და თუნდაც, რამდენიმე შესაფერისი (სპეციალიზაციის, ენის ცოდნის, ლოკაციის ნიშნით) კანდიდატურის არსებობის შემთხვევაში თითოეულ მათგანთან დაკონტაქტებას, მათთვის საქმის ვითარების ახსნასა და იურისტიების საფასო შემოთავაზების გარკვევას საშუალოდ ერთი კვირა სჭირდება. აქვე, ცხადია, ათეულობით იურისტი, რომელსაც იმავე დავალების უფრო ხარისხიანად ან უფრო იაფად შესრულება შეეძლოთ, ყურადღების მიღმა რჩება. სამწუხაროა ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, დამკვეთები იურისტებს თბილისში უფრო მარტივად პოულობენ და მათ გზავნიან რეგიონებში, მაგალითად, სასამართლო პროცესებზე მაშინ, როდესაც ადგილზე არანაკლები ცოდნისა და გამოცდილების ბევრი იურისტია. შედეგად, კლიენტს უწევს მეტის გადახდა, ხოლო ადგილობრივ იურისტს უჭირს კლიენტების შეძენა. ეს, გარკვეულწილად, სოციალური საკითხიცაა. რადგან სოციალური საკითხი ვახსენეთ, აქვე აღვნიშნავთ, რომ პლატფორმაზე იურიდიული მომსახურების გაწევა შეეძლებათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ იურისტებსაც (მათ შორის, სტუდენტ იურისტებს). მეტიც, მომსახურების გამწევთა შორის იქნებიან უცხოეთში კვალიფიკაციის მქონე იურისტებიც, რომლებიც მომსახურებას გაუწევენ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც უკვე სხვა იურისდიქციებში დასჭირდებათ იურიდიული დახმარება. ამგვარი მომსახურების მიმღებთა რიგებში, ვფიქრობთ, ემიგრანტებიც ან საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებიც იქნებიან.

„ლოპორტი“ ცვლის იურისტის მოძიების ტრადიციულ მეთოდს და რამდენიმე საათში (რაც არ აღემატება ერთ დღეს-ღამეს) უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საჭირო სპეციალიზაციის, ლოკაციისა და სამუშაო ენის გათვალისწინებით იურისტის მოძიებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია არა მხოლოდ პლატფორმის მიერ შერჩეული იურისტების, არამედ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მათი საფასო შეთავაზების შესახებ. საფასო შეთავაზება არის ფიქსირებული და მისი გადახდის შემთხვევაში „ლოპორტი“ არის იმის გარანტი, რომ კონკრეტული იურიდიული დავალება დროულად შესრულდება. ამდენად, კლიენტი მშვიდად არის, რომ გადახდილი თანხა არ დაეკარგება, ხოლო იურისტი კმაყოფილია იმით, რომ მას შესრულებულ სამუშაოში აუცილებლად გადაუხდიან ანაზღაურებას.

ტექნიკურად, როგორ ხდება კლიენტისა და იურისტის დაკავშირება?

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პროცესი სრულად ავტომატიზებულია და მასში სუბიექტური ფაქტორი არ ფიგურირებს. მარტივად რომ ავხსნათ, დამკვეთი შედის პლატფორმაზე, ათავსებს დავალებას ანუ მოკლედ აღწერს მას. საჭიროების შემთხვევაში, მას ეხმარება პლატფორმის ადმინისტრატორი. დავალების განთავსების შემდეგ, პლატფორმა მასზე რეგისტრირებულ იურისტთა შორის არჩევს, თუ ვინ არის იმ ლოკაციაზე, სადაც დავალება უნდა შესრულდეს, ვინ ფლობს იმ ენას, რომელზეც დავალება უნდა შესრულდეს და ვის აქვს ის ვიწრო სპეციალიზაცია, რომელ დარგსაც განეკუთვნება დავალება. მხოლოდ ამგვარ იურისტებს ეგზავნებათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ პლატფორმაზე შემოსულია მათთვის შესაფერისი დავალება. თითოეული იურისტი ეცნობა დავალების არსს და უთითებს, თუ რა ანაზღაურების სანაცვლოდ არის მზად შეასრულოს დავალება. ამასთან, თითოეულ იურისტს აქვს თავისი რეიტინგი (რომელიც გენერირებულია კლიენტთა შეფასებებით). სწორედ საუკეთესო საფასო წინადადებისა და საუკეთესო რეიტინგის მქონე სამი იურისტის პროფილი ეგზავნება კლიენტს ამოსარჩევად. ამორჩევისთანავე, პლატფორმა ავტომატურად აგენერირებს იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებას მათ შორის. აღნიშნულის შემდეგ იურისტი და მომხმარებელი პლატფორმის მიღმა აგრძელებენ ურთიერთობას დავალების დასრულებამდე, რა დროსაც მომხმარებელი და იურისტი ორმხრივად ცვლიან დავალების სტატუსს მიმდინარედან შესრულებულ დავალებად.

foto3-1632898090.jpg

„ლოპორტის“ მეშვეობით ყველა მიმართულების საქმეზეა შესაძლებელი იურიდიული დახმარების მიღება? (სისხლის სამართალი, სამოქალაქო და ა.შ).

საწყის ეტაპზე მომხმარებელს საშუალება ექნება „ლოპორტის“ მეშვეობით მოიძიოს იურისტები 10-ზე მეტი ვიწრო სპეციალიზაციით სამართლის სამივე ძირითადი მიმართულებიდან (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი). იურისტთა ბაზის გაფართოებასთან ერთად გაიზრდება სპეციალიზაციების რაოდენობაც და სამართლის ყველა ვიწრო დარგს მოიცავს (საუბარია დაახლოებით 20 დარგზე, რომელთა შორისაც არის სამართლის ყველაზე თანამედროვე და იშვიათი დარგები).

როდის შეძლებენ მომხმარებლები და იურისტები „ლოპორტით“ სარგებლობას?

ამჟამად პლატფორმაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და „ლოპორტით“ სარგებლობას მომხმარებელი ოქტომბერში შეძლებს. თუმცა, იურისტებს პლატფორმაზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ lawport.ge-ზე განთავსებული ბმულის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმაზე დარეგისტრირებულ პირველ 100 იურისტს ვთავაზობთ ჩვენთან თანამშრომლობის განსხვავებულ ფინანსურ პირობებს. გარდა ზემოთ აღნიშნული ფინანსური წახალისებისა, „ლოპორტზე“ ადრე რეგისტრაციას სხვა სარგებელიც აქვს - იქიდან გამომდინარე, რომ იურისტის შერჩევისას პლატფორმა საფასო შეთავაზებასთან ერთად მის რეიტინგსაც ითვალისწინებს, ბუნებრივია, ადრე რეგისტრირებულ იურისტებს რეიტინგის გაზრდისა და შესაბამისად, შემდეგი დავალების მიღების მეტი შანსი ექნებათ. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ თავისი არსით „ლოპორტი“ ახალი ტიპის პროფესიული გაერთიანება იქნება და ფინანსებსა და ენერგიას არ დავიშურებთ ჩვენთან დარეგისტრირებული იურისტების პროფესიულ განათლებასა და განვითარებაზე.

თუ გსურს შემოგვიერთდე, შეავსე სააპლიკაციო ფორმა ჩვენს ვებგვერდზე: lawport.ge და გახდი ლოპორტის წევრი.

(R)