ნორვეგიაში შიგაწვისძრავიანი უკანასკნელი ავტომობილი შესაძლოა, 2022 წლის აპრილში გაიყიდოს

ის რომ, ნორვეგია ერთ სულ მოსახლეზე ელექტრომობილების გაყიდვების კუთხით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანაა, უკვე არ არის ახალი ამბავი. თუმცა ამბავი, რომ ელექტრომობილების გაყიდვები სულ უფრო მზარდია შიგაწვისძრავიანი ავტომობილების კლების ხარჯზე და ის რომ, ამ ტიპის უკანასკნელი ავტომობილი ნორვეგიაში შესაძლოა, 2022 წლის აპრილში გაიყიდოს, ეს ნამდვილად ახალი ამბავია. ყოველთვიურად სკანდინავიის ამ ქვეყანაში სულ უფრო ნაკლები შიგაწვისძრავიანი ავტომობილი იყიდება. ბოლო მონაცემებით ტოპ-15 ყველაზე გაყიდვად ავტომობილს შორის 14 ელექტრომობილია და 1 ჰიბრიდი.

ადგილობრივმა გამოცემა motor.no შიგაწვისძრავიანი ავტომობილების კლების გრაფიკი შეადგინა და დაადგინა, რომ თუ ეს ტემპი შენარჩუნდება, ქვეყანაში ახალგაყიდულ ავტომობილებს შორის შიგაწვისძრავიანი უკანასკნელი ავტომობილი მომავალი წლის აპრილში გაიყიდება.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო მასიური ხდება ელექტრომობილები. ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე ვადებიც დაასახელეს, თუ როდის იტყვიან უარს შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვებზე და ეს ვადები 2030-2035 წლებს შორის მერყეობს. ნორვეგია კი ამ საქმეშიც ლიდერობას აპირებს, ქვეყნის გეგმით, შიგაწვისძრავიანი ავტომობილების სრული აკრძალვა 2025 წლიდან უნდა მოხდეს.

„როგორც ჩანს, ეს გეგმა ქვეყნისთვის ძალზედ რეალისტურია“- წერს გამოცემა.

კოკა კვირკველია