საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციასთან IPPOG

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფს (IPPOG) შორის მიმდინარე წლის 8 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სტუ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დაამუშავებს კოგნიტურ პროგრამულ აპლიკაციებს და აღნიშნულ ბაზაზე, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია დაინერგება. ეს საქართველოს მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება.

ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფი (IPPOG) წარმოადგენს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის , CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციას, რომლის მიზანიც ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ფართო საზოგადოებამდე მიტანაა. IPPOG თავის საქმიანობას ახორციელებს CERN-ის – როგორც საერთაშორისო ლაბორატორიის ბაზაზე. ამ ეტაპზე თანამშრომლობს 30 ქვეყანასთან და მუშაობს 6 ექსპერიმენტულ პროექტზე.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აღნიშნულ ექპერიმენტულ პროექტზე მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად უკვე დაიწყეს. კოგნიტური პროგრამული აპლიკაციები სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში მუშავდება და მათ ბაზაზე შექმნილი პროგრამულ-მეთოდური რესურსი, სამომავლოდ, მსოფლიო მასშტაბით, CERN-თან დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში გავრცელდება და დაინერგება. პროცესს სტუ-ის პროფესორი და CERN/IPPOG-ში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი, ალექსანდრე შარმაზანაშვილი ხელმძღვანელობს.

„ IPPOG -თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედთვით, სტუ-მ უნდა დაამუშავოს სასწავლო მეთოდოლოგიური კომპლექსი, რომელიც CERN/IPPOG-ის მასტერკლასებში დაინერგება. თუ ჩვენ წარმატებულები გავხდით ამ კუთხით, აპლიკაციებთან ერთად IPPOG-ს ამ აპლიკაციებზე დაფუძნებულ მასტერკლასების ჩატარების ახალ მეთოდოლოგიას შევთავაზებთ. მაგალითად, ამ პროექტში გვინდა ჩავრთოთ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის შესანიშავი ვირტუალური ლაბორატორია, რომელიც წვდომადი იქნება მობილური აპლიკაციებიდან. ამაზე ერთობლივად იმუშავებენ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები, როგორც ინფორმატიკის, ასე ფიზიკის მიმართულებით, რაც ასევე ძალიან საინტერესოა.“- განაცხადა პროფესორმა ალექსანდრე შარმაზანაშვილმა.

24 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერტისტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ახალგაზრდების ჯგუფს შეხვდა და CERN/IPPOG-თან გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა:

„საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრი 2017 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს IPPOG კოლაბორაციასთან, რომლის ოფიციალური წევრი ქვეყანა საქართველო ახლახან გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასწავლო-მეთოდოლოგიური კომპლექსი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დამუშავდება, CERN-თან დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში გავრცელდება. ეს იქნება ქართული სამეცნიერო პოტენციალის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საგანმანათლებლო სივრცეში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით.“ - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა დავით გურგენიძემ.