რამდენიმე წელიწადში შეშა საერთოდ აღარ იქნება

”კრიზისს ქვეყანა 2-3 წელიწადში იგრძნობს, ხოლო შემდეგ ხე-ტყის რესურსი სრულად ამოიწურება”

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველო, შესაძლოა, შეშის რესურსის გარეშე დარჩეს. საფრთხე რეალურია ქვემო ქართლში, სადაც მარაგი თითქმის ამოწურულია. სახელმწიფომ ალტერნატიულ ენერგიაზე ძალიან სწრაფად უნდა იზრუნოს.

სპეციალისტებმა შეშის მოხმარების შემცირების ინიციატივის ფარგლებში, ქვემო ქართლის ექვს მუნიციპალიტეტში - ბოლნისში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, მარნეულსა და გარდაბანში შეხვედრები გამართეს. ყველაზე მეტი პრობლემა ქვემო ქართლშია, რის შესახებაც სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც ცნობილია.

გარემოს დაცვის სამინისტროს 2008 წლის შეფასებით, რეგიონი 200 000 კბ/მ-მდე შეშას მოიხმარს მაშინ, როცა ხელმისაწვდომი საშეშე რესურსი 80 000 კბ/მ-ზე ნაკლებია. ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში გიორგი დემურაშვლი განმარტავს, რომ შეშის მარაგის მხრივ პრობლემა მთელ საქართველოშია, რაც დიდ ეკოლოგიურ საფრთხეს გამოიწვევს.

"ქვეყნის მასშტაბით შეშის მარაგი ან ამოწურულია, ან ამოწურვის ზღვარზეა. რესურსი თითქმის აღარ არსებობს ქვემო ქართლში, პრობლემაა კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, აჭარასა და სამეგრელოში. მოსახლეობის მოთხოვნა შეშაზე რეალურად არსებულ რესურსს ბევრად აღემატება. როდესაც ხალხი კანონიერად მოიპოვებს 1 კბ/მ შეშას, მის წილ 4 კბ/მ იჭრება უკანონოდ, რაც ტყეს დიდ საფრთხეს უქმნის", - აცხადებს დემურაშვილი.

მისი შეფასებით, ყოველწლიურად 100 ათას კბ/მ-ზე მეტი შეშის არალეგალურად მოპოვება ტყის ეკოსისტემას დიდ ზიანს აყენებს, რაც უკვე აისახება მოსახლეობის ყოფით პრობლემებზეც."ხალხი იძულებულია მოიხმაროს ეს შეშა, რადგან სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. სახელმწიფო კი ბუნებრივი კატასტროფების გამო წელიწადში 200-250 მილიონი ლარით ზარალდება. მთავრობა ამ დანაკარგის ასანაზღაურებლად თანხას ისედაც იხდის და უმჯობესია, თუ მას ალტერნატიული რესურსის გამოყენებაზე დახარჯავს. ცხადია, რამდენიმე სოფელი მაინც დარჩება, რომელიც შეშაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ მასშტაბური მოხმარება შემცირდება. მანამდე კი აუცილებელია ჩატარდეს ტყეების ინვენტარიზაცია, რომ არსებული მდგომარეობა სწორად შეფასდეს და ტყის აღდგენაზე დავიწყოთ ზრუნვა", - დასძენს დემურაშვილი.

ქვემო ქართლში შეშის ალტერნატიულ წყაროდ, ძირითადად, გაზიფიცირებას განიხილავენ. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ასევე საუბრობენ მზის ენერგიის გამოყენებაზეც საბიუჯეტო დაწესებულებებში, განსაკუთრებით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. "ლოგიკა ასეთია - შეიძლება თავიდან ეს ცოტა ძვირი დაჯდეს, სამაგიეროდ, შემდგომში ყოველწლიურად თანხა აღარ იქნება საჭირო, როგორც გაზის შემთხვევაში", - აცხადებენ წალკასა და მარნეულში.

ანალოგიური პრობლემაა კახეთშიც. CENN-ის კოორდინატორი კახეთის რეგიონში კახა სუხიტაშვილი ეჭვობს, რომ მოსახლეობა რეგიონში მასიურად დაიწყებს შეშის არალეგალურ გამოყენებას, რამაც შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. სუხიტაშვილის ვარაუდით, მალე ქვეყანაში შეშის მწვავე დეფიციტი შეიქმნება, ხოლო რამდენიმე წელიწადში სრულად ამოიწურება.

"შეშის არსებული რესურსი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა. ასეთ ფონზე მოსახლეობა და საბიუჯეტო ორგანიზაციები შეშას თავისუფლად მოიხმარენ, თითქოს არც კი არსებობდეს პრობლემა, რაც მისი არალეგალურად გამოყენების ეჭვს აჩენს. კახეთს თვითონ არ აქვს საკმარისი რესურსი და ამ დროს შეშით ქვემო ქართლის ნაწილსაც ამარაგებს. პრობლემაა ისიც, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები სათბობად შეშას იყენებენ, მათ შორის იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ტერიტორია მეტ-ნაკლებად გაზიფიცირებულია. ეს უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი გათვლით, შეშა საქართველოში დეფიციტური გახდება. კრიზისს ქვეყანა 2-3 წელიწადში იგრძნობს, ხოლო რამდენიმე წელიც საკმარისია, რომ არსებული მარაგი სრულად ამოიწუროს და შეშის გარეშე დავრჩეთ", - აცხადებს კახა სუხიტაშვილი.

CENN-ის კოორდინატორი მცხეთა-მთიანეთში გიორგი იორამაშვილი ამბობს, რომ შეშის მარაგის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია სატყეო გზების გაკეთება. პარალელურად კი სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ზრუნვა გათბობის ალტერნატიულ შესაძლებლობებზე და გაუფრთხილდეს ტყეს.

"რესურსების ამოწურვის საფრთხე არსებობს, ახალი სატყეო გზებია გასაკეთებელი, ძველ გზებზე, გარდა იმისა, რომ მიუვალია, მარაგიც ამოწურულია. ამიტომ აუცილებელია ახლის გაყვანა. 90-იან წლებში გახშირებულმა არალეგალურმა ჭრამ, ხე-ტყეზე დამოკიდებულების ზრდამ და მასობრივმა გაკაფვამ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა შექმნა. ბოლო დროს საქართველომ 160 მილიონ ლარამდე ეკოლოგიური ზარალი განიცადა. ტყის ჭრა თუ არ შემცირდება, გაცილებით მეტი დანაკარგი იქნება. მართალია, გარკვეული ტერიტორიის გაზიფიცირება ხდება, მაგრამ მოსახლეობა ძირითად სათბობად მაინც შეშას იყენებს. ზოგს გაზის შეყვანის შესაძლებლობა არ აქვს, ზოგსაც - გადასახადის გადახდის. ტყეები დეგრადირებულია და მათ მოვლას წლები დასჭირდება. სახელმწიფო ვალდებულია, გათბობის ალტერნატიულ შესაძლებლობებზე დაფიქრდეს და გაუფრთხილდეს გარემოს", - აცხადებს იორამაშვილი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”