WiFi​-ზე  განთავსებული რეკლამა და საქართველოში წარმოებული დივაისები - როგორია WiFisher-ის უახლოესი გეგმები

,,არ ვართ კომპანია, რომელსაც აქვს გეგმა, რომ გავა ლონდონის საფონდო ბირჟაზე და მერე მილიონებად გაყიდის პროდუქტს. ჩვენი მიზანია, ვიყოთ კომპანია, რომელიც ყოველთვიურად წერს სოლიდურ მოგებას“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ქართული სტარტაპის, WiFisher-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ნოდარ ივანიძემ განაცხადა.

კომპანია ამ ეტაპზე სამი ძირითადი სერვისით არის წარმოდგენილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ესენია: WiFi-ზე განთავსებული რეკლამები და საქართველოში წარმოებული დივაისებით, მათ კლიენტ კომპანიებს შეუძლიათ დაითვალონ მოლებსა და მაღაზიებში მისული მომხმარებლები. ასევე კომპანია, ავტორიზებული ოპერატორია.

ნოდარ ივანიძის თქმით, კომპანია კიდევ ერთი მიმართულების, ვირტუალური ოპერატორის დამატებას გეგმავს.

,,ამ ეტაპზე, ჩვენს თავს სტარტაპს უკვე აღარ ვუწოდებთ. პირველი იდეა იყო, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც კომპანიებს მისცემდა საშუალებას WiFi​-ზე განეთავსებინათ რეკლამები, ეს იყო პირველი იდეა, რომელიც შევქმენით 2015 წელს. მალევე, დაახლოებით ერთ წელიწადში მოვიცავით ბევრი ლოკაცია, მათ შორის: აეროპორტები, მოლები, კაფეები, რესტორნები და სხვა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. შედეგად, კომპანიები ჩვენი მეშვეობით ანთავსებენ რეკლამას თავის სამიზნე აუდიტორიაზე. ეს იყო ჩვენი პირველი მიმართულება, საიდანაც დავიწყეთ.

ასევე, 2017 წელს ავიღეთ „ფორბსის“ სტარტაპის ჯილდო საქართველოში, ამავე წელს მივიღეთ ნახევარი მლნ დოლარის ინვესტიცია აშშ-დან და ამავე წლის ბოლოს გავედით მეზობელი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. იქაც ჩავრთეთ ანალოგიური ობიექტები.

2018 წლის ბოლოს კი გამოვუშვით ახალი პროდუქტი. საქართველოშ ვაწარმოებთ დივაისებს, რომელიც ეხმარებათ მოლებსა და მაღაზიებს მომხმარებლის რაოდენობის თვლასა და ანალიტიკაში. ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Massimo Dutti, zara ასევე მოლები ისთ ფოინთი და გალერია თბილისი იყენებენ ამ სერვისს“, - განაცხადა ნოდარ ივანიძემ.

მისივე თქმით, მოგვიანებით დაიწყო პანდემია, შესაბამისად, კომპანიას ბევრი პროექტის გაჩერება მოუწია.

„თუმცა, ეს პერიოდი გამოვიყენეთ კიდევ ერთი, ახალი მიმართულების დამატებისთვის, ეს არის კომუნიკაციების მიმართულება. ანუ, ვართ ავტორიზებული ოპერატორი და გვაქვს ჩვენი პლატფორმა როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ასევე ზარების და ასევე, ბევრი დიდი კომპანია იყენებს ჩვენს სერვისს. ბანკები, ონლაინ გემბლინგი, სადაზღვეოები და ა.შ. ანუ ახლა, ვაერთიანებთ სამ მიმართულებას.

ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვართ ბაზრებზე, რომლებიც გვაქვს, მაგრამ მომავალში გეგმაში გვაქვს, გავხდეთ ვირტუალური ოპერატორი (MVNO), რომელიც უკვე საქართველოშიც შემოდის. გვინდა ვიყოთ ვირტუალური ოპერატორი ჩვენი საკუთარი სიმ ბარათებით და პაკეტებით. მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ გარკვეულ სექტორებს ამ მომსახურებას შევთავაზებთ. არ ვართ კომპანია, რომელსაც აქვს გეგმა რომ გავა ლონდონის საფონდო ბირჟაზე და მერე მილიონებად გაყიდის პროდუქტს. ჩვენი მიზანია, ვიყოთ კომპანია, რომელიც ყოველთვიურად წერს სოლიდურ მოგებას“, - განაცხადა ივანიძემ.

კომპანიაში ამ ეტაპზე მუდმივად დასაქმებულია 10 ადამიანი. ასევე აუთსორსზე არიან ინჟინრები და აიტი მენეჯერები.

კომპანიის დირექტორი,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და სწორი დასკვნების გამოტანა შეძლეს საწყისი ინვესტიციიდან მოგებაზე გასვლამდე.

,,პირველად, როცა იდეა გაგვიჩნდა, ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი დაგვეხმარა. იდეის დონეზე გვენდო და დავიწყეთ 30 000-დოლარიანი ინვესტიციით. არ დაველოდეთ ყველაფრის ბოლომდე გაკეთებას და გავედით ბაზარზე. სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოძებნო პირველი ინვესტორები და შენი სამიზნე აუდიტორია. ამაზე ვმუშაობდით პირველი 2 წელი და ვავითარებდით სისტემას, რამაც საშუალება მოგვცა საქართველოს გარედანაც აგვეღო ინვესტიცია. ეს დაგვეხმარა საბოლოო გაფართოებაში. საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა და კარგია ,,გატესტვისთვის“ რომ შეხვიდე და ნახო, როგორია მომხმარებლის უკუკავშირი. კარგად ხვდები, მზად ხარ თუ არა გარე ბაზრებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს გვქონდა რყევები, საბოლოოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ახლა, აღარ გვეშინია, რომ დაიკეტება რომელიმე ფიზიკური წერტილი. ახლა, ამაზე აღარ ვართ დამოკიდებული. შემოსავლების ნაწილი ისე აღარ შეგვიმცირდება. საბოლოო ჯამში, კმაყოფილები ვართ, ინვესტიციის მოპოვებიდან მოგებაზე გასვლამდე ძალიან საინტერესო გამოცდილებები იყო და პანდემიის პერიოდიც საბოლოოდ კარგად გადავლახეთ. მაშინ, როცა პირველ ეტაპზე შემოსავლების 80%-ი დავკარგეთ“, - აცხადებს WiFisher-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.

თამარ მუკბანიანი