მოქალაქეები "ყაზბეგისა" და "ნინოწმინდის" საბაჟო პუნქტებამდე მისვლას ვერ ახერხებენ

საბაჟო გამშვებ პუნქტ "ნინოწმინდაში" ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეები ქართველმა მაშველებმა საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყვანეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან საქართველოში შემოსვლა სურდათ სომხეთის მოქალაქეებს, თუმცა ქალაქ ნინოწმინდიდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე გზის დაკეტვის გამო, ამას ვერ ახერხებდნენ.  "ჩვენმა მაშველებმა გამოიყვანეს სომხეთის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა სურდათ. ისინი 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს მხარეს. ჩვენ მათ ყველანაირად ვეხმარებოდით საკვებით, სასმელი წყლით და ა.შ.", - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

მათივე თქმით, სტიქიის ზონაში არსებული "ყაზბეგისა" და "ნინოწმინდის" საბაჟო გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა მათთან მისასვლელი გზა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია და შესაბამისად, მოქალაქეები საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მისვლას ვერ ახერხებენ.