წელს ბანანის საბითუმო ფასი მწარმოებელ ქვეყნებში 10-წლიან მინიმუმზე იყო

ბანანის მოყვანისა და მიწოდების სამეწარმეო ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო დაბალი გასაყიდი ფასი ინდუსტრიის მდგრადობას არღვევს. ამის შესახებ ეკვადორის, კოლუმბიის, გვატემალის, ჰონდურასის, დომინიკელთა რესპუბლიკისა და კოსტა რიკის მწარმოებლებისა და ექსპორტიორების ერთობლივ განცხადებაში წერია, რასაც პორტალი Freshplaza ავრცელებს.

ლათინური ამერიკის ამ ქვეყნების წილი ბანანის მსოფლიო წარმოებაში 60%-ს შეადგენს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასუქები 35-45%-ით, მუყაო 30%-ით, შესაფუთი პლასტმასი კი 45%-ით გაძვირდა. ამასთან, შემცირდა წარმოება, ხოლო ბანანის მოყვანაზე სტანდარტები კიდევ უფრო გამკაცრდა. ხარჯების ზრდას უკავშირდება ბანანისთვის მეტად დამაზიანებელი, TR4 ვირუსის გავრცელების თავიდან ასაციებლად ბიოუსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვაც. კონტეინერების დეფიციტის გამო, 62%-ით გაიზარდა საზღვაო გადაზიდვების ღირებულებაც.

„ამ ყველაფერმა ლათინურ ამერიკაში ბანანის მოყვანისა და ექსპორტის ღირებულება გაზარდა. ეს სიტუაცია უარყოფითად აისახება ბანანის ინდუსტრიის ეკონომიკურ მდგრადობაზე და კონკურენტუნარიანობაზე, რომელიც, ასევე, ბუნებრივი მოვლენებითა და COVID-19-ის პანდემიით დაზარალდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

წელს ბანანის საბითუმო ფასი, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალი იყო და 18.5 კგ-ზე 10 ევრო შეადგინა.

„ლათინურ ამერიკაში ბანანის ინდუსტრიის მდგომარეობაზე 808 ათასზე მეტი ოჯახი არის დამოკიდებული. აუცილებელია, რომ ინდუსტრიაზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებს, არამედ ყველა მონაწილეს, მათ შორის, იმპორტიორ ქვეყნებსაც დაეკისროს. ყველა მონაწილის ჩართულობა ბანანის გლობალური ინდუსტრიის მდგრადობას უზრუნველყოფს,“ - ნათქვამია ბანანის ინდუსტრიის მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ