ჩინეთი კრიპტოვალუტას კრძალავს - რომელი კრიპტო მილიარდერი ზარალდება ყველაზე მეტად

ცოტა ხნის წინ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ყველა სახის კრიპტოვალუტის გარიგება, მოპოვება და ვაჭრობა აკრძალული იქნება. ამან ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი და ქაოსი გამოიწვია. ახლა, როდესაც კრიპტოვალუტის ყველა ფუნქცია არალეგალურად არის გამოცხადებული, მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც კრიპტო ვალუტის მოპოვებით და სხვა მანიპულაციებით ცხოვრობდნენ, გაურკვევლობაში არიან. თუმცა, მათი ზარალი ნამდვილად უმნიშვნელოდ ჩანს იმ კრიპტო მილიარდერებთან შედარებით, რომლებმაც ჩინეთის ბაზარი ამ სფეროს საშუალებით არც მეტი, არც ნაკლები - დაიპყრეს.

ჩნდება კითხვა: რას გააკეთებენ ისინი ახლა?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტაზე მკაცრი წესები დააწესა. სინამდვილეში, ბოლო რვა წლის განმავლობაში, სულ 18 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკიდან ბიტკოინის განდევნა სცადა. თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევაა.

ჩინეთის სახალხო ბანკმა სამთავრობო დოკუმენტები, რომლებიც კრიპტო ვალუტას ზღუდავს, ოფიციალურად გამოაქვეყნა. დოკუმენტებს ხელს აწერდნენ ჩინეთის მთავრობის საკმაოდ გავლენიანი ჩინოვნიკები.

აკრძალვის მთავარი მიზეზი გარემოში ნახშირორჟანგის მასიური რაოდენობის გამოყოფაა. ჩინეთის ლიდერები მზად არიან 2060 წლისთვის მთელ ქვეყანაში ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიაღწიონ. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ ლიდერები კრიპტოვალუტის დადებით გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე ვერ ხედავენ.

ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად

ბევრმა კრიპტო მილიონერმა და მილიარდერმა ქვეყნიდან წასვლის და ბიზნესის სხვაგან კეთების გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი მათგანია FTX დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სემ ბანკმენ-ფრიდი. 29 წლის ბიჭმა ჩინეთში კრიპტოვალუტის კომპანიის შექმნით 8 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მას შემდეგ, რაც აკრძალვა გახდა ცნობილი, მან გადაწყვიტა თავისი მრავალმილიონიანი კომპანიის ბაჰამაზე გადატანა. თუმცა, ოფიციალური პირები მის ამ გადაწყვეტილებას ჩინეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებს არ უკავშირებენ.

ჩინეთის უმსხვილესმა კრიპტოვალუტის გადამცვლელმა კომპანიამ, Huobi– მ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ჩინელ მომხმარებლებს მათ პლატფორმაზე აღარ დაარეგისტრირებენ. კომპანია გეგმავს ყველა ჩინელი მომხმარებლისთვის მომსახურეობის შეწყვეტას 31 დეკემბრამდე.

პროცესი ილონ მასკმაც შეაფასა. მისი განცხადებით, კრიპტოვალუტის აკრძალვა მხოლოდ სათამაშო და CO2 გამონაბოლქვის შემცირებაზე არ იყო ორიენტირებული. მას აქვს ეჭვი, რომ მიზეზი ბევრად უფრო ღრმაა.

“კრიპტოვალუტა ძირითადად მიზნად ისახავს ცენტრალიზებული მთავრობის ძალაუფლების შემცირებას და მათ არ მოსწონთ ეს,” - განმარტა მილიარდერმა.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი