ოთარ დანელიამ და სტივენ ჰეიკინმა ახალი პროექტი განიხილეს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორს, სტივენ ჰეიკინს უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ ახალ პროექტზე GFG (Governing for Growth) ისაუბრა. სტივენ ჰეიკენმა სოფლის მეურნეობის მინისტრს 2015 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დგას. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრების მხარდაჭერა.

"დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მიმდინარე ერთობლივი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა", - განაცხადა სტივენ ჰეიკინმა. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ის პროექტები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება. მოხარულები ვართ, რომ ახალი პროექტის (GFG) ფარგლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებას განსაკუთრებული ადგილი აქვს. ჩვენ მივესალმებით პროექტში ახალი კომპონენტების დამატებას, რომელთა მიზანიც არის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.