ახალი კვლევები მეწარმეობის მიმართულებით - BTU-ს პროფესორები სტარტაპ ეკოსისტემისა და კაპიტალის ბაზრის ფორმირების შესახებ

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მეწარმეობის მიმართულებით ჩატარებული კვლევების პრეზენტაციას უმასპინძლა. კვლევები უნივერსიტეტის პროფესორებმა ანი ვაშაყმაძემ, ვახტანგ ჩქარეულმა, ცოტნე ჟღენტმა და ლადო სირდაძემ ბრიტანული ჰენლის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ჩაატარეს.

პრეზენტაციას აღნიშნული უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი ენდრიუ გოდლი ესწრებოდა.

კვლევა - ანტრეპრენერული ეკოსისტემა საქართველოს ორ ქალაქში - როგორც ავტორმა, ანი ვაშაყმაძემ აღნიშნა, საქართველოს ანტრეპრენერული ეკოსისტემა განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა რეგიონის სხვა ქვეყნებს ან მათ, ვინც ინსტიტუციების სწრაფად ცვლილების სტადიაზეა, ჩვენი მაგალითის გამოყენება შეუძლიათ. კვლევაში წარმოდგენილი იყო ჩარჩო, რომელიც ინსიტუტების სწრაფად ცვლილებებისთვის საჭირო ფაქტორებს აღწერს. ანი ვაშაყმაძემ აღნიშნული ფაქტორები წარმოადგინა და ენდრიუ გოდლის შეკითხვებსაც უპასუხა.

ვახტანგ ჩქარეულისა და ცოტნე ჟღენტის კვლევის თემას კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარების პროცესში, მისი ფორმირება ჩვენს ქვეყანაში, საინვესტიციო ბანკინგის განვითარების დინამიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წარმოადგენდა. ჰენლის უნივერსიტეტის პროფესორმა პრეზენტაციის ბოლოს ანტრეპრენერების მხრიდან უცხოური კაპიტალის მოძიების შესახებ დასვა შეკითხვა და კვლევის ავტორების მხრიდან დეტალური ინფორმაცია მიიღო, თუ რა წყაროებიდან ფინანსდება ჩვენს ქვეყანაში დამწყები ბიზნესი. პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რაც შეეხება სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ კვლევას, პროფესორმა ლადო სირდაძემ მიმოიხილა, რატომ არის მნიშვნელოვანი სტარტაპ სტატუსი და სტარტაპ ეკოსისტემის სამართლებრივი რეგულირება საქართველოში. უფრო კონკრეტულად, კვლევა ეხება სტარტაპ ეკოსისტემის სამართლებრივ ასპექტებს. იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე წელია, იქმნება, აღნიშნული საკითხი ამჟამად, განსაკუთრებით აქტუალურია.

პროფესორის პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო სტარტაპ ეკოსისტემასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი, ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან სტარტაპების მხარდაჭერა და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. კვლევა იხილეთ აქ.

კვლევების პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბრიტანული უნივერსიტეტის პროფესორმა მიმოხილული საკითხები და ძირითადი მიგნებები დადებითად შეაფასა.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შექმნის დღიდან აქტიურად არის ჩართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების პროცესში და ამისათვის ყოველწლიურად ათობით პროექტს ახორციელებს. ამასთან, უნივერსიტეტის პროფესორებს ხელს უწყობს, ჩაატარონ კლევები ისეთ საკითხებზე, რომელიც ანტრეპრენერებსა და სტარტაპებს თავიანთი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ.

(R)