”ნაკაზანტიპარი” ანაკლია

ანაკლიის გამოცოცხლების ეტაპი დაწყებას აგვიანებს

არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი მილიონი დოლარი დაიხარჯა ანაკლიასა და განმუხურის განვითარების პროექტის ფარგლებში წინა ხელისუფლების დროს. თავის დროზე, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები გვიმტკიცებდნენ, რომ იქ ჩადებული ინვესტიცია 3-4 ჯერ მეტ მოგებას მოგვცემდა. ეს პროექტი, ბევრს სააკაშვილის ახირებად მიაჩნდა, შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო პორტის მშენებლობის გეგმები გაახმოვანა და ანაკლიის პოტენციალზე ისაუბრა... ამის შემდეგ, ყველას ეგონა, რომ ანაკლია-განმუხურში უძრაობის ხანა დასრულდებოდა, თუმცა, გამოცოცხლების ეტაპი დაწყებას აგვიანებს...

ცოტა ხნის წინ, ახალი წლის დღესასწაულებზე ანაკლია-განმუხურს ვესტუმრე. მინდოდა მენახა რა ხდებოდა იქ, სადაც საერთაშორისო პორტის მშენებლობისთვის მთავრობამ ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოაცხადა. თავის დროზე სახელდახელოდ გაკეთებულ პარკებსა და სკვერებში გავიარე, სადაც ისეთი სიცარიელე დამხვდა, რომ თავი უკაცრიელ კუნძულზე მეგონა. ზაფხულის სეზონის შემდეგ დაცარიელებულ ანაკლიას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა. როგორც ადგილობრივი სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, ზაფხულის შემდეგ აქ არცერთი კონფერენცია, კონცერტი თუ შეხვედრა არ გამართულა. სასტუმროების ძირითადი შემოსავალი ადგილობრივ წყვილთა ქორწინების რეგისტრაციაა...

სასტუმრო ”ანაკლიაში” ნაძვის ხე კი დაუდგამთ, მაგრამ შენობა ცარიელია. ცარიელი დამხვდა სხვა სასტუმროებიც. ”გამჭვირვალე” იუსტიციის სახლში მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომელი შევნიშნე... იქიდან წამოსულს კი გზად მოგლეჯილი პალმები, ამოყრილი ასფალტი, მონადირეები და მეთევზეები მხვდებოდნენ.

ანაკლიაში აქამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ და თუ ახლად აშენებულ ინფრასტრუქტურას არ ჩავთვლით, სურათი იგივე დამხვდა, - სათევზაოდ და სანადიროდ ქცეული ადგილი, რომელიც გაპარტახების პირას არის... მანქანის სავალ გზაზე საცობს ცხენები და ძროხები ქმნიან, რომელთა კვალი იქაურობას განსაკუთრებით მძიმედ ეტყობოდა... ერთადერთი, რაც სიცოცხლის ნიშანწყალს ტოვებს, ჯებირების საჭრელია. ”აქედან ფოთში გაგვაქვს ეს ნაპირსამაგრი ჯებირები...” - მითხრა ერთ-ერთმა მუშამ, რომელიც ღობის იქიდან ხელით მანიშნებდა, რომ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.

მსგავსი სურათი დამხვდა განმუხურში. ერთადერთი, რაც აქ ვითარდება ე.წ. ინდოელების პროქეტია, რომელიც პირველ ეტაპზე კოტეჯების მშენებლობას გულისხმობს, მალე კი კორპუსების მშენებლობაზე გადავლენ. სამშენებლო სამუშაოებზე ძირითადად ინდოელი მუშახელია დასაქმებული.

შოთა, ანაკლიის მკვიდრი: ”ანაკლია, რომ ქალაქი გახდებოდა, ამის არც არასდროს გვჯეროდა, მაგრამ ორ წელში ასე თუ დადუმდებოდა აქაურობა, ვერც ვიფიქრებდით. თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერი გაპარტახდება. მოსახლეობა ვერ უპატრონებს აქაურობას, თუ სახელმწიფოს ნება არ იქნება. პირიქით, გულგრილმა დამოკიდებულებამ შეიძლება მის გაპარტახებასაც კი შეუწყოს ხელი. ერთადერთი, რაც ახლა კეთდება, ბუნებრივი გაზის შემოყვანაა. მილები უკვე ჩაყარეს და მოსახლეობას გვპირდებიან, რომ გაზაფხულისთვის ეს პროექტი დასრულდება. საგზაო სამშენებლო სამუშაოებიც მიმდინარეობს, რაც იმედს გვიტოვებს, რომ რაღაც გაკეთდება, თუმცა, მანამდე თუ უკვე გაკეთებული გაფუჭდა, კეთებას რაღა აზრი აქვს”.

- ”კაზანტიპის ფესტივალი” როგორ აისახა თქვენს შემოსავლებზე?

მარიამი, ანაკლიის მკვიდრი: ”უმეტესობამ იზარალა. მე მხოლოდ ვიზიტორები მყავდა და შეპირებულზე სულ რაღაც 200 ლარით ნაკლები მომცეს. სტუმრების დაპურება უმეტესად მე მიწევდა, რადგან არარეალურად ძვირი ფასების გამო საკვებს ვერ ყიდულობდნენ. სოფლის მოსახლეს ყველი და პური არ უჭირს, ერთით ზედმეტი პურის გამოცხობა არ დამაქცევდა. თუმცა, დღემდე ბანკის ვალებს იხდიან ის ადამიანები, ვისაც სახლში კაფე-ბარები ჰქონდა გახსნილი. ისინი ამაში ადგილობრივ ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ, - მათ წაგვაქეზეს, მეტი ფასები დაადეთ და მეტ მოგებას ნახავთო. ისინიც ასე მოიქცნენ, იქამდე კი, ბანკიდან აღებული სესხით, რემონტი გააკეთეს და საკვები იყიდეს. მათ კაფე-ბარებს აღავინ გაეკარა და სურსათიც გამოუყენები დარჩათ. ერთ კოლოფ სიგარეტს 10 ლარს რომ დააფასებ, ბუნებრივია მყიდველს დაკარგავ. ამიტომ, აქ ჩამოსულმა დამსვენებელმა მალევე ბათუმსა და ქობულეთს მიაშურეს. მერე დაუწიეს ფასებს, მაგრამ აქ აღარავინ იყო. ახლა ზოგმა თხილის მოსავლით დაფარა ვალი, ზოგი კრედიტის პროცენტებს სხვა შემოსავლებით ისტუმრებს. კიდევ კარგი, თხილის ფასი 8 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა და ცოტა სული მოვითქვით”.

ლალი პაპასკირი