გერმანულ სტარტაპს მწერლებისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს

ბერლინის სტარტაპი Inkitt ამავე დასახელების უფასო პლატფორმაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია, დაწეროს და გამოაქვეყნოს მოთხრობები, ისტორიები, რომელსაც მონაცემთა სპეციალური ბაზა ამუშავებს, აფასებს და ადგენს, თუ რომელი მათგანი უნდა გადავიდეს შემდეგ საფეხურზე, უფრო გრძელი ნამუშევრების ფასიან აპლიკაცია Galatea-ზე.

სტარტაპმა საინვესტიციო სერია A-ს რაუნდზე 59 მლნ დოლარის დაფინანსება მიიზიდა, ხოლო ამჟამინდელი B სერიის ღირებულება ჯერ არ კონკრეტდება. თუმცა TechCrunch წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეფასება შესაძლოა, 390 მლნ დოლარს შეადგენდეს.

გერმანული სტარტაპი დაფინანსებას თავისი ალგორითმებისა და ტექნოლოგიების შემუშავებისთვის გამოიყენებს, რაც მოთხრობების კურატორობა-შერჩევისთვის და უფასოდან ფასიან აპლიკაიაზე გადასატანად არის საჭირო. ე.წ. ციფრული რედაქტორი სიუჟეტის მიმართულებების A და B ტესტირებას ახდენს და ის ადამიანებით კი არა, ალგორითმებით გენერირდება.

სტარტაპი სახსრებს, ასევე, უფრო მეტი ადამიანის დასაქირავებლად, კერძოდ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე შემდგომი გაფართოებისთვის გამოიყენებს. Inkitt მუშაობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება, გააფართოვოს პლატფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს, შესაძლოა, კითხვის გარდა, უფრო მეტ ფორმატს შეიცავდეს. მაგალითად, სტარტაპი ამჟამად პირველ ნაბიჯებს აუდიოს მიმართულებით დგამს.

Inkitt-ს ამჟამად 7 მილიონი მომხმარებელი (მკითხველი) და 300 000 მწერლისგან შემდგარი საზოგადოება ჰყავს, რაც 2019 წლის 6 მილიონი მკითხველისა და 110 000 მწერლის რაოდენობაზე სამჯერ მეტია. ამასთან, ფასიანი აპლიკაცია Galatea 38 მლნ დოლარს გამოიმუშავებს, რაც ორი წლის წინანდელ 6 მილიონი დოლარის მაჩვენებელზე 6-ჯერ მეტია.

პლატფორმის მწერლები, ვისი ნაწერების საწყისი თავებიც, Inkitt-ის ალგორითმების შეფასების შემდეგ, გრძელ და პოპულარულ ნაწარმოებებად გადაიქცნენ, მნიშვნელოვან შემოსავალს იღებენ. მაგალითად, სემრან საჰუმ, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე გაღატაკებულ შტატ ოდიშადან არის, რომანით - „შეთანხმება“ 2.7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მთელი რომანი მან Inkitt-ზე თავისი სმარტფონით დაწერა და გამოაქვეყნა.

კომპანიამ აუდიოწიგნების გამოსაშვებად მცირე ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში Inkitt ფილმების, სატელევიზიო შოუების, მერჩენდაიზინგის, თამაშებისა და შესაძლოა, თემატური პარკის - ე.წ. ოცდამეერთე საუკუნის დისნეის შექმნასაც გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ