„მზის პანელების დაყენება პირველ რიგში, მომგებიანია მსხვილი მომხმარებლისთვის“ - რას სთავაზობს „ეკო-ენერჯი“ მომხმარებელს

„მზის პანელების დაყენება პირველ რიგში, მომგებიანია მსხვილი მომხმარებლისთვის. ვურჩევდი ყველას, ვისი ხარჯიც აღემატება ყოველთვიურად 2-3 ათას ლარს, სარიოზულად დაფიქრდეს საკუთარი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმაზე“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კომპანია „ეკო- ენერგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბეგაშვილმა განაცხადა.

მზის პანელების კომპანია „ეკო-ენერგი“ საქართველოში სულ ახლახანს დაფუძნდა. ვახტანგ ბეგიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიამ უკვე 3 მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმა.

„იცით, რომ ადრე ქარის ან მზის წყაროებიდან ენერგიის გამომუშავება კონვენციულ წყაროებთან შედარებით გაცილებით ძვირი ჯდებოდა. მას ალტერნატიულ ენერგეტიკად - მოიხსენიებდნენ. დღეს სიტუაცია შეიცვალა, ამიტომ ჩემთვის უფრო სასიხარულოა, რომ დღეისთვის განახლებადი ენერგეტიკა პირდაპირ კონკურენციაშია კონვენციულთან. სწორედ შერჩეულ ხელსაყრელ ადგილებზე განხორციელებული პროექტების ფარგლებში ენერგიის წარმოება უფრო იაფია, ვიდრე სხვა დანარჩენი კონვენციული ენერგია.

აღსანიშნავია, რომ მაგალითად, მზის მოდულის წარმოების ფასი წარსულში ერთ მეგავატზე თუ დავთვლით 2.3 მილიონი დოლარიდან 300 000 დოლარზე ჩამოვიდა. ანუ 85%-ით გაიაფდა. ბევრი პროექტია მსოფლიოში რეალიზაციაში, სადაც ერთი კილოვატის გამომუშავების ეკონომიკური ეფექტურობა უკვე 3 ცენტზეა დასული. 2020 წელს ენერგეტიკის სფეროში მსოფლიოს მაშტაბით გაწეული ინვესტიციების 82% განხორციელდა განხლებადი ენერგეტიკის მიმართულებით. მხოლოდ გასულ წელს დაყენდა 260 გიგავატის მოცულობის ახალი განახლებადი გენერაცია. ანუ 260.000 მეგავატი.

ამიტომაც ვაგრძელებ ამ სფეროში მოღვაწეობას და საქართველოში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად დავაფუძნეთ კომპანია „ეკოენერჯი“, რომელიც მომხმარებლისთვის მზის პანელების დაყენებაზე არის ორიენტირებული“, - განაცხადა ბეგაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, იძლევა თუ არა საქართველოს რეალობა ამ სფეროში მოღვაწეობის საშუალებას, ბეგაშვილი პასუხობს: „დიახ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ენერგიის მოხმარების ნეტო-აღრიცხვა.

ნეტო აღრიცხვა ეს არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად ანუ რევერსული აღრიცხვის პროცესი, რა დროსაც წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგია ერთმანეთს ქვითავს.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ ენერგიის მომხმარებელს შეუძლია ფლობდეს მზის, ქარის, ჰიდრო ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს. ამ დროს მიკროსიმძლავრე განისაზღვრება მაქსიმალურად 500 კილოვატით და მომხმარებელს შეიძლია პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში. მოიხმაროს საკუთარი გამომუშავებული ენერგია, ხოლო თუ ენერგია ჭარბად გამომიმუშავა, ეს ჭარბი ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ კომპანიას. ანუ დაიკმაყოფილოს ერთის მხრივ საკუთარი მოხმარება, დაზოგოს საკუთარი კომუნალური ხარჯები და ამასთანავე, მიიღოს დამატებითი ფინანსური სარგებელი გამანაწილებელი კომპანიისაგან“, - განაცხადა „საქმეში“ ბეგაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ ახალი დაფუძნებულია, „ეკო-ენერჯიმ“ უკვე გააფორმა 3 ხელშეკრულება საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან 1.5 მეგავატ სიმძლავრეზე, რომელთა რეალიზაცია უკვე წლის ბოლოს დაიწყება.

„მზის პანელების დაყენება პირველ რიგში, მომგებიანია მსხვილი მომხმარებლისთვის. ვურჩევდი ყველას, ვისი ხარჯიც აღემატება ყოველთვიურად 2-3 ათას ლარს, სარიოზულად დაფიქრდეს საკუთარი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმაზე. მითუმეტეს თუ ხარჯი უფრო მაღალია.

ჩვენ თვითონ ვახორციელებთ ინვესტიციას. ვაყენებთ მზის პანელებს საკუთარი ფინანსებით და გადავცემთ პანელებს მრავალწლიან იჯარით მომხმარებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელს არ უწევს დამატებითი დაფინანსების მოძიება და ყველანაერი რისკის გარეში ყოველთვიური იჯარის საფასურად ღებულობს იგივე ეფექტს კომუნალური გადასახადების შემცირების კუთხით“, - აღნიშნა ბეგაშვილმა.

ვახტანგ ბეგაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანია გერმანიაში, მიუნხენში მზის ენერგეტიკის საერთოშორისო გამოფენაზე - ინტერსოლარ ევროპაზეა წარმოდგენილი. ეს გამოფენა ფოკუსირებულია ფოტოელექტრონული ტექნოლოგიების, მზის თბოელექტროენერგიის, მზის ელექტროსადგურების, ასევე ქსელის ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციის გადაწყვეტილებებზე.

30 წლის წინ, როდესაც ამ გამოფენას ჩაეყარა საფუძველი, თავდაპირველად გამოფენა შედარებით პატარა გერმანულ ქალაქებში ტარდებოდა, ვინაიდან იმ პერიოდისთვის ხსენებული ინდუსტრიაც ჯერ საკმაოდ პატარა გახლდათ. შემდგომში გამოფენა ინდუსტრიის ზრდასთან ერთად მიუნხენში გადმოვიდა და მას დაერქვეს „ინტერსოლარ ევროპა“. მისივე თქმით, „ინტერსოლარი“ არამარტო ევროპაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ტარდება, მათ შორის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტიტენტებზე, ინდოეთსა და აზიის ქვეყნებში.

„გამოფენაზე წარმოდგენილია რამდენიმე ათასი კომპანია და პანდემიამდე მას 100 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა. როგორც მოგახსენეთ, კომპანიები მოღვაწეობენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის პირადად მთავარია მზის პანელების და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მწარმოებლებთან შეხვედრა.

საერთოდ, მოხარული ვარ, რომ პანდემიის პირობებში გამოფენა ტარდება, ვინაიდან მისი ჩატარების თარიღი რამდენიმეჯერმე გადაიდო. ინტერსოლარი გვაძლევს საშუალებას, ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს მრავალი ონლაინ შეხვედრის შემდეგ ბოლოსდაბოლოს პირისპირ შევხვდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ვახტანგ ბეგაშვილმა.