ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

როგორც გომელაურმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში სამ ადამიანზე მეტი აღარ უნდა იყოს. ამასთან, მინისტრმა მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მთელი ღამის განმავლობაში ვიმუშავეთ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მაშველებს. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყვნენ, ასევე ტექნიკის ოპერატორებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულან.

5 ადამიანია ნანახი, 5-ვე გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში. ვეძებთ კიდევ სამ ადამიანს, წესით, მეტი არ უნდა იყოს, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს.

რაც შეეხება პასუხისმგებაში მიცემას, პასუხისგებაში მივეცით 3 ადამიანი, ბინის მეპატრონე და ორი ადამიანი, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდნენ. სასამართლო დაადგენს მათი ბრალეულობით იყო ჩამონგრევა, თუ სხვა რამემ გამოიწვია“,- განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, შემთხვევის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების რიტმი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახშირდეს, რაც დარჩენილ სამ ადამიანს იპოვიან.

„თითოეულ აგურსა და „სინკარზე“ მუშაობენ, რომ თუ ადამიანი ცოცხალია, ჩვენ არ დავაზიანოთ, ხელით მუშაობენ. ამ სამ ადამიანს რომ ვიპოვით, შეიძლება უფრო გახშირდეს მუშაობის რიტმი. შევა ტექნიკა და ადვილი იქნება გაწმენდითი სამუშაოები“,- განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.