8 მლნ-ის ინვესტიცია ჩავდე და ახლა ყველაფერი რომ გავყიდო, 5 მლნ-ს ზარალზე გავალ - „შირაქი“ მსხვილფეხა საქონელს ისევ ყიდის

„დღეს ბაზარზე თითზე დაითვლით დარჩენილ ფერმებს და ამ პირობებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომ ჰკითხოთ, ჩვენთან რძის წარმოება ყვავის და ფერმები იხსნება“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,შირაქის“ დამფუძნებელმა განაცხადა.

ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ნედლი რძის მოცულობა იკლებს, შესაბამისად, იკლებს რძის ოდენობა პროდუქტებში და ის ფხვნილით და ირანული რძე-პასტით ნაცვლდება.

„ჩემი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ რძის გადამუშავება როგორც მიდიოდა, მიდის ზუსტად ისევ ისე. პრობლემა შეექმნა ფერმას, რადგან ძალიან გაძვირდა საკვები, ზოგი პროდუქტი 100%-მდეც კი. ამ ფონზე რძის ფასმა ფერმერისთვის არ მოიმატა და ძალიან ცუდ დღეში არიან. მერწმუნეთ, მომავალში ეს აუცილებლად აისახება გადამამუშავებლებზეც, რადგან ნედლი რძის ოდენობა ქვეყანაში იკლებს. რძის პროდუქტების იმპორტი მოხმარების ზრდის კი არა, ადგილობრივი წარმოების შემცირების ხარჯზე ხდება.

დღეს, ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტებში ნედლი რძის შემადგენლობა მხოლოდ 30%-ია. დანარჩენი ნაცვლდება რძის ფხვნილით ან ირანული რძე-პასტით. ეს 30%-იც ნელ-ნელა იკლებს. მე პირადად რადგან ფერმა შევამცირე, შევამცირე რძის მიწოდებაც კომპანიებისთვის. ადრე კომპანიებს თუ 4-5 ტონას ვაწვდიდი, დღეს 1 ტონას ვაწვდი.

ფერმის შემცირება სამწუხაროდ, ისევ მიწევს. 100 სულს კიდევ ვყიდი. მხოლოდ მე არა, სოფლის მეურნეობის ჯგუფებია სოციალურ ქსელში და უამრავი განცხადებაა, რომ ყიდიან საქონელს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მისი თქმით, დღეს ბაზარზე ფერმები ერთმანეთის მიყოლებით იხურება, ან ამცირებენ წარმოებას.

,,2013 წელს დავიწყე ფერმერული მერნეობა და მაშინ, ერთი სულის კვება 5-6 ლარი ჯდებოდა, დღეს მხოლოდ კვება 20 ლარზე მეტი ჯდება. ამას პლიუს ხელფასი და კომუნალურების ხარჯი. სახელმწიფომ როცა კომუნალურები ქართულ წარმოებებს დაუსუბსიდირა, ფერმებს ესეც კი არ შეგვეხო. სახელმწიფოს ფერმერული მეურნეობის გადასარჩენად არაფერი გაუკეთებია. ჩვენი ფერმა განახევრდა, „მწვანე რანჩო“ დაიხურა, განახევრდა ფშაველში არსებული ფერმა, სრულად დაიკეტა საგურამოს ფერმა. ეს ბოლო რამდენიმე თვეში. დღეს, ბაზარზე თითზე დაითვლით დარჩენილ ფერმებს და ამ პირობებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომ ჰკითხოთ ჩვენთან რძის წარმოება ყვავის და ფერმები იხსნება.

ბევრი წვალების და ბრძოლის მიუხედავად, ნედლი რძისაგან დამზადებული რძე-მჟავა პროდუქტები გადასახადისაგან არ განთავისუფლდა მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ბახტაძე, როცა გადადგა, გაკეთებულ საქმეებში მიითვალა. არადა, ყველის წარმოების გარდა ისევ ისე დარჩა. 8 მლნ-ს ინვესტიცია მაქვს განხორციელებული ფერმაში და ახლა ყველაფერი რომ გავყიდო, დაახლოებით 5 მლნ-ს ზარალში ვიქნები“, - განაცხადა ,,შირაქის“ დამფუძნებელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი