ლატვიის პრემიერი: საქართველოს დავეხმარებით, განახორციელოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები

ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რათა განახორციელოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები, - ეს განცხადება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლატვიის მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. ლაიმდოტა სტრაუიუმამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის დასრულების თვალსაზრისით, საქართველოსთვის რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის განსაკუთრებულ დატვირთვაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის როლი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი განვითარების პროცესში და ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებს დაეთმო.