„საქსტატმა“ საგარეო ვაჭრობის ერთეულის ღირებულების ინდექსების გამოქვეყნება დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) ერთეულის ღირებულების ინდექსების გამოქვეყნება დაიწყო.

„საქსტატის“ განმარტებით, საგარეო ვაჭრობის ინდექსების (ექსპორტ-იმპორტის ერთეულის ღირებულების ინდექსები) გაანგარიშება წარმოადგენს საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების სტრატეგიით განსაზღვრულ ერთ-ერთ აქტივობას.

მათივე ცნობით, ექსპორტ-იმპორტის ერთეულის ღირებულების ინდექსების წარმოება განსაზღვრულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით.

„გარდა ამისა, საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) ერთეულის ღირებულების ინდექსების წარმოება წარმოადგენს ევროკავშირის „Twinning“-ის პროექტის „საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების განვითარება“ ერთ-ერთ ქვეკომპონენტს.

ერთეულის ღირებულების ინდექსი ასახავს ექსპორტირებული და იმპორტირებული საქონლის ღირებულების ცვლილებას, რომელიც გამოწვეულია ერთეულის ღირებულების ცვლილებით. ერთეულის ღირებულების ცვლილებასთან ერთად ინდექსზე გავლენას ახდენს როგორც საქონლის მოცულობის, ისე მისი ხარისხის ცვლილება.

საგარეო ვაჭრობის ერთეულის ღირებულების ინდექსები აქტიურად გამოიყენება ეროვნული ანგარიშების სისტემის წარმოების პროცესში. კერძოდ, დანახარჯების მიხედვით გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტისა და რესურსებისა და გამოყენების ცხრილების მუდმივ ფასებში გადასაყვანად, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების დეფლირების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ექსპორტ-იმპორტის ერთეულის ღირებულების ინდექსების გამოყენება.

ერთეულის ღირებულების ინდექსები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/713/sagareo-vachrobis-erteulis-ghirebulebis-indeksebi ",- - ნათქვამია ინფორმაციაში.