საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟი მცირდება

საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

"სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც "არბიტრაჟის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს ერთვის თან, მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. პროექტის მიხედვით, მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვისათვის და ის 150 ლარით განისაზღვრება. გარდა ამისა, მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იმ საკითხებზე, რომელშიც საარბიტრაჟო განხილვა სასამართლოს ჩართულობას საჭიროებს (საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე) და ბაჟის ოდენობა 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარი იქნება.

მთავრობა არბიტრაჟის ინსტიტუტის მიმართულებით ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა "არბიტრაჟის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. პროექტის ავტორია კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, ხოლო ინიციატორი მთავრობაა.

როგორც მთავრობა განმარტავს, პროექტის მიზანია "არბიტრაჟის შესახებ" კანონის "საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ" UNCITRAL-ის მოდელურ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი მეგობრულად განწყობილი გარემოს შექმნა, არბიტრაჟის ინსტიტუტის - როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობის და პოპულარობის გაზრდისა და მისი განვითარების ხელშეწყობა.