აფხაზეთში ფაროსანის გავრცელება გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს დანარჩენ კუთხეებზე - გიორგი ხანიშვილი

აფხაზეთში ფაროსანა-ხოჭოს მომრავლებასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფაროსანის გავრცელება ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებზე გავლენას ვერ მოახდენს. მისივე თქმით, მწერის გასანეიტრალებლად სამინისტრო ყველანაირ მექანიზმს ფლობს.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აფხაზეთში ფაროსანა-ხოჭო მომრავლდა. სააგენტოს ინფორმაციით, ხალხი სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ არის მიფენილი დიდი რაოდენობის მწერი მათი სახლების კედლებზე.

გიორგი ხანიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ფაროსანა მავნებლურ თვისებებს კარგავს.

„ფაროსანა ამ პერიოდში მავნებელი აღარ არის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, რადგან ახლა ფაროსანა მიდის თბილი ადგილებისკენ, რომ გამოიზამთროს. ამიტომ აფხაზეთში ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ფაროსანა უბრალოდ, შესამჩნევი გახდა და არა ზიანის მომტანი,“- ამბობს ხანიშვილი.

მისივე თქმით, აფახაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ფაროსანას გავრცელების შეჩერების კუთხით დახმარებისთვის საქართველოსთვის არ მოუმართავს.

„სამწუხაროდ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დახმარებისთვის ჩვენთვის არ მოუმართავს, თუმცა, თუ მოგვმართავს აუცილებლად ვიფიქრებთ - რა ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი.

„რაიმე კრიტიკული მდგომარეობა ჯერჯერობით არ შეინიშნება, რომ იყოს, აუცილებლად მოხდებოდა განეიტრალება, ამისთვის ყველანაირი მექანიზმები გვაქვს. ვწუხვარ, რომ აფხაზეთში ფაროსანის მკვეთრი გავრცელება შეინიშნება, თუმცა აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს დანარჩენ კუთხეებზე,“- ამბობს გიორგი ხანიშვილი.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მწერის წინააღმდეგ პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, სხვადასხვა პრეპარატებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებას.

აფხაზეთში ფაროსანა ისევ მომრავლდა - იხილეთ ვრცლად:

ქრისტინე კაპანაძე