ქეი-ეს-ბი ბანკის საზედამხედველო კაპიტალი 10 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

ქეი-ეს-ბი ბანკსა და Al Dhabi Constructing LLC-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საკრედიტო რესურსის გამოყოფის თაობაზე.

ამ ხელშეკრულების თანახმად, Al Dhabi Constructing LLC-მ ბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი გამოუყო, რითაც ქეი-ეს-ბი ბანკის საზედამხედველო კაპიტალი გაიზარდა. „ამ ურთიერთშეთანხმების მიზანია, ბანკმა გაზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება და ხელი შეუწყოს ამ სეგმენტის განვითარებას საქართველოში. ჩვენ გვსურს, რომ ქართველი მეწარმეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ დაკრედიტება და რეალური სარგებელი მოვუტანოთ მათ. ასევე, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ურთიერთშეთანხმება ორივე მხარისთვის საინტერესო და ნაყოფიერი იქნება“, -განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ.

Al Dhabi Constructing LLC არაბული „დაბი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში წამყვანი ბიზნეს ჯგუფია და მრავალი ბიზნეს მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის: ტურიზმის ინდუსტრია, მშენებლობა, უძრავი ქონება, დეველოპმენტი და მართვა, წარმოება, საზღვაო ჭაბურღილები, საბანკო და ფინანსური მომსახურება და ა.შ.