უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების ინიციატივას დეპუტატები განიხილავენ

პარლამენტი მთავრობის ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც უბილეთოდ მგზავრობისათვის დაჯარიმებული მოქალაქეების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.

"ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" პროექტზე ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში იმსჯელებენ. ადმინისტრაციული ჯარიმის და საურავისგან ის პირები თავისუფლდებიან, რომლებმაც საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უბილეთოდ იმგზავრეს და ამისთვის 5 ლარით დაჯარიმდნენ.

როგორც პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღებით ბიუჯეტში გადარიცხვას აღარ დაექვემდებარება დაახლოებით 1 165 175 ლარი. აღნიშნული თანხა გაანგარიშებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობის გათვალისწინებით. ადმინისტრაციული სახდელისაგან ის პირები გათავისუფლებიან, რომლებიც უბილეთოდ მგზავრობის გამო 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმდნენ.

პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე წარუდგენს.