ლიტვაში აქციის - "არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას" ნუსხიდან "ბორჯომი" ამოიღეს

ლიტვაში საინიციატივო ჯგუფის მიერ წამოწყებული აქციის "არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას" ნაწარმთა ნუსხიდან "ბორჯომი" ამოიღეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიაში ქართული პროდუქტის მოხვედრისთანავე, ლიტვაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი რეაგირება მოახდინა, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფმა ბორჯომი აღნიშნული სიიდან ამოიღო, მომხდარი კი უნებლიე შეცდომით ახსნა, რაც მათი განმარტებით, რუსულ ტელეარხზე "ბორჯომის" სარეკლამო რგოლის გამოჩენამ გამოიწვია.

6 იანვარს, სოციალურ ქსელში არსებულმა ლიტვურმა ჯგუფმა "არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას" (Neperkam Kremliaus propagandos) გაავრცელა პროდუქტების სია, და მოუწოდა მომხმარებლებს არ შეეძინათ აღნიშნული პროდუქტი მათი რუსული წარმოშობის გამო.

სურათებში ნაწარმს რუსული გეორგიევსკის დროშების სტიკერები ჰქონდა მიკრული. პროდუქტების სიაში "ბორჯომთან" ერთად მოხვდა Procter & gamble-ის სარეცხი, კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები.