ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა 2-3 თვის განმავლობაში აიკრძალება

ყოფილ ელბაქიძის ქუჩაზე დაზიანებული გზის მონაკვეთის ექსპერტიზა და გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შემთხვევის ადგილზე გზის დაზიანებული მონაკვეთის დათვალიერებისას განაცხადა.

მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მერიის კეთილმოწყობის, ზედამხედველობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, თბილისის მერიამ ექსპერტიზის ჩასატარებლად მიმართა შპს "ლაბორატორიას", რომელმაც შესაბამისი მოქმედებები უკვე დაიწყო. გზის დაზიანების მიზეზების დადგენის, ტერიტორიის გაწმენდისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება.

"უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში გზა მთლიანად უნდა ჩავკეტოთ, რათა ხიმინჯების ჩასხმა დავიწყოთ, შემდეგ დაიწყება კედლის მშენებლობა, რაც გზის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. საპროექტო სამუშაოები სწრაფად დაიწყება. თბილისის მერია დღესვე მიმართავს დედაქალაქის საკრებულოს იმისათვის, რომ მივიღოთ გადაუდებელი სამუშაოების სწრაფად დაწყების თანხმობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, გზის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადებით, გზის აღდგენასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უკვე არსებობს. სუდაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად მუშაობენ.