თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

ფორუმში ქართული და ესტონური მხრიდან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის 120-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს

თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი საქართველოში ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ტაავი რიივასის ვიზიტის ფარგლებში იმართება და მისი ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა არიან. ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა კახა ბაინდურაშვილმა განუცხადა, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და ესტონეთის სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.

ფორუმში ქართული და ესტონური მხრიდან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის 120-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. ბიზნეს ფორუმზე საქართველოს ეკონომიკის ძირითად მიმართულებებზე კონცენტრირებული რამდენიმე პრეზენტაცია იქნება წარმოდგენილი. ფორუმის მომხსენებლები არიან საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები და მასში მონაწილეობენ საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონური კომპანიების ხელმძღვანელი პირები.