რესტორანი ციხეში- როგორ ცდილობენ ბრიტანეთში კრიმინალის შემცირებას

უჩვეულო რესტორანში ადგილების დაჯავშნა სამი დღით ადრე ხდება

რესტორანი ციხეში - ეს იდეა თავში საქველმოქმედო ორგანიზაცია The Clink Charity-ს მოუვიდა, რომელიც სასჯელმისჯილი ადამიანებისთვის ახალი უნარების სწავლებითა და დასაქმებით, განმეორებითი რეციდივების რიცხვის შემცირებას ცდილობს. ამჟამად, დიდ ბრიტანეთში ციხის სამი რესტორანი არსებობს, რომელთაგან ყველაზე ახალი, The Clink გასული წლის თებერვალში, ლონდონის რაიონ ბრიქსთონში გაიხსნა. რესტორანი ციხის პირქუში გისოსების მიღმაა განთავსებული და გარემოსგან მავთულხლართებით, პატრულებით, ძაღლებითა და სათვალთვალო კამერებითაა გამოყოფილი. ციხის რესტორანში სავახშმოდ, აუცილებელია სპეციალური ასარჩევი ბრიფინგის გავლა, რომელიც უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ტარდება.

უჩვეულო რესტორანში ადგილების დაჯავშნა სამი დღით ადრე ხდება, ვახშმობის მსურველთა ასაკი 18 წლის ზემოთ უნდა იყოს, ხოლო ციხეში მოსვლის შემდეგ სტუმრები ვალდებულები არიან დატოვონ საკუთარი მობილური ტელეფონები. გარდა ამისა, რესტორანში შესვლამდე მათ უნდა ჩააბარონ ჩანთები, ჩემოდნები, ზოგიერთი სტუმრები სპეციალურ ბიომეტრულ სკანირებასაც გადიან. ასევე მათ უღებენ სურათებს და თითის ანაბეჭდებს. თუმცა, მათ ვინც ყველა პროცედურას ზედმიწევნით შეასრულებს, უნიკალური შთაბეჭდილებები ელის. აღსანიშნავია, რომ რესტორნის მენიუ ყოველდღიურად იცვლება.

”პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ არაძალადობრივი მუხლით მყოფ მსჯავრდებულებს შეუძლიათ. პოტენციური კანდიდატები სპეციალურ შერჩევას გადიან. თითოეულ ადგილზე მთელი ბრიტანეთიდან ასობით პრეტენდენტია. იღბლიანები დღეში 8 საათის განმავლობაში მუშაობენ, კვირაში ხუთი დღის განმავლობაში. მთელი პროექტი ე.წ. ”ხუთსაფეხურიანი” პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც დამნაშავეების თავიდან აღზრდას ითვალისწინებს და იმედოვნებს შეამციროს განმეორებითი დანაშაულის რიცხვი” - აცხადებს ორგანიზაცია The Clink Charity-ის ხელმძღვანელი ქრის მური.

სტატისტიკის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ციხიდან გამოსული ადამიანების 49% კვლავ სჩადის დანაშაულს, თუმცა, პროგრამა Clink-ის მონაწილეებს შორის ეს მაჩვენებელი, 2011 წელს 12,5%, ხოლო 2012 წელს 6%-ს შეადგენდა, რაც პროექტის გიგანტურ წარმატებაზე მიუთითებს.