რომან გოცირიძე ლარის კურსის გაუფასურებას დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას უკავშირებს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ლარის კურსის გაუფასურებას დეკემბერში განხორციელებულ ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას უკავშირებს.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებაში ლარის დაახლოებით, 5-6 პუნქტით გაუფასურების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. "დეკემბერში ბიუჯეტიდან დიდი დეფიციტური ხარჯვა განხორციელდა. კერძოდ, დეკემბერში 2-ჯერ მეტი ხარჯი იქნა გაწეული, ვიდრე 11 თვის განმავლობაში საშუალოდ თვეში იხარჯებოდა. დეკემბერის ბოლო დღეებში საბიუჯეტო დაწესებულებებს დაახლოებით, 400 მილიონი ლარი გადაერიცხათ. მოხდა წინმსწრები გადარიცხვა იმის გამო, რომ ბიუჯეტი შეესრულებინათ. შესაბამისად, დეკემბრის ბოლო დღეებში ფულის მასა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლა დეკემბერში ჩარიცხული ფულის რეალური ხარჯვა ხდება და ასევე, 2015 წლის ბიუჯეტს თავისი ხარჯები აქვს. ფულის მასის ზრდიდან გამომდინარე, ამ ფარგლებში ლარის კურსის კორექტირება ხდება", - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე - არის თუ არა მოსალოდნელი ლარის კიდევ უფრო გაუფასურება, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტო. "ერთი მხრივ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იქნება ფულის მასის ზრდა, როგორი თანმიმდევრობით განხორციელდება ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და ხომ არ განმეორდება ის, რაც იყო შარშან და შარშანწინ, როდესაც წლის პირველ ნახევარში, ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან შეზღუდული რაოდენობის ხარჯვა მიმდინარეობდა და შემდეგ წლის ბოლოს ერთბაშად ხდებოდა საბიუჯეტო სახსრების გადარიცხვა, როგორც ეს წელსაც განხორციელდა. მეორე მხრივ, კი დამოკიდებულია ეკონომიკურ ზრდაზე, თუ როგორი იქნება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უცხოური ინვესტიციებისა და უცხოური ვალუტის შემოდინებას. ასე რომ, ეს ცალსახად ერთ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ის, რომ უკვალოდ არაფერი ქრება, ის, რომ ბიუჯეტის დაგროვილი დეფიციტური ხარჯვა არ შეიძლებოდა ერთბაშად დეკემბრის ბოლო დღეებში მომხდარიყო, ბუნებრივია, ლარზე თავისებურ ასახვას ჰპოვებდა და ამას ახლა ვხედავთ. ალბათ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკში ზომებს მიიღებენ, რომ ლარის გაუფასურება არ გაგრძელდეს", - განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, დღეს, 13 იანვარს 1 დოლარის შეძენა 1,91 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათ უმეტესობაში მომხმარებელს 1 დოლარის ყიდვა 1.91-დან 1.93 ლარის ფარგლებში შეუძლია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დოლარს 1.87-დან 1.90 ლარის ფარგლებში იბარებენ.