როგორია მილანის „ჯუნგლების ცათამბჯენი“, სადაც 300 ადამიანი ცხოვრობს და 21 000 მცენარეა დარგული

იტალიის ქალაქ მილანის პორტა ნოვას უბანში ცოტა ხნის წინ საკმაოდ უჩვეულო და ორიგინალური ცათამბჯენი აშენდა, რომელიც 300 ადამიანზეა გათვლილი. შენობაში კი საერთო ჯამში 21 000 ხე, ბუჩქი და სხვა მრავალწლიანი მცენარეა დარგული.

ორი ცათამბჯენიდან ერთი საცხოვრებელი კომპლექსია, მეორეში კი სხვადასხვა ფირმის ოფისებია განთავსებული.

Euronews-ის ინფორმაციით, ორივე ცათამბჯენი საჭირო ელექტროენერგიას მზის ენერგიის პანელების მეშვეობით იღებს. საცხოვრებელი შენობაში მოწყობილ სახლებში გამოყენებული წყალი კი იფილტრება და მცენარეების მოსარწყავად გამოიყენება.

„ხალხს ეს იდეა ძალიან მოსწონს და ცათამბჯენები მალევე გახდა პოპულარული“- აცხადებს „ჯუნგლების ცათამბჯენის“ იდეის ავტორი, იტალიელი არქიტექტორი სტეფანო ბოერი.

„როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს „ხეების ბარონი“ იყო, სადაც მთავარი გმირი ტოვებს ოჯახს და სიმშვიდის მოსაპოვებლად საცხოვრებლად ტყეში გადადის. სწორედ ეს გადა ჩემი იდეის ინსპირაციის წყარო“- იხსენებს ის.

არქიტექტორის თქმით საცხოვრებელ ცათამბჯენში საკმაოდ კომფორტული გარემოა შექმნილი, მის მაცხოვრებლებს საშუალება აქვთ ქალაქის ხედების თვალიერებასთან ერთად დრო მწვანე გარემოში გაატარონ.

ამავდროულად მეორე შენობაში, სადაც არაერთი ოფისია განთავსებული კომპანიები კმაყოფილები არიან საუცხოო გარემოთი და მცენარეებით.

არქიტექტორი აცხადებს, რომ მილანის მასშტაბური განაშენიანება 70-80-იან წლებში მოხდა და ქალაქის შენობათა დიდი ნაწილი საკმაოდ უსახური და „ცივია“. მისი თქმით, რაც შეიძლება მეტი „მწვანე ცათამბჯენი“ ქალაქს ნამდვილად გამოაცოცხლებდა და უფრო ეკოლოგიურად სუფთას გახდიდა.

ბექა ბერიაშვილი