ჰოსნი მუბარაქს სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდება მოეხსნა

ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდება მოუხსნა.

"ბიბისის" ცნობით, სასამართლომ გაფლანგვის ბრალდება მოუხსნა მუბარაქის ორ ვაჟსაც და ახალი სასამართლო პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა. გასული წლის მაისში სასამართლომ ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფოს კუთვნილი 17 მილიონი დოლარის გაფლანგვის გამო. თუმცა, საკასაციო ინსტანციამ დაადგინა, რომ სასამართლო საქმე დარღვევებით მიმდინარეობდა.

მუბარაქის ადვოკატის განცხადებით, 86 წლის ყოფილი პრეზიდენტი მალე დატოვებს კაიროს სამხედრო ჰოსპიტალს. ნოემბერში ჰოსნი მუბარაქს სასამართლომ ასევე მოუხსნა 2011 წელს ასობით დემონსტრანტის მკვლელობის ბრალდება. ჰოსნი მუბარაქს, რომელიც 30 წლის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს, 2011 წელს ბრალი წაუყენეს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მკვლელობის ორგანიზებისთვის.